საზოგადოება

რესპუბლიკელი სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში

18 მარტი, 2025 •
რესპუბლიკელი სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში.

„საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში კორუფციისა და ავტორიტარიზმის გასაპროტესტებლად. მე ვდგავარ ყველას გვერდით, ვინც იბრძვის დემოკრატიული მომავლისთვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ კრემლის სტილის დარბევებით უპასუხონ“, — წერს უიკერი X-ზე.

საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა შეაჩერა.

უკვე 4 თვეა სერბეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.

15 მარტს უნგრეთში ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. 50 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ბუდაპეშტის ქუჩებში ოპოზიციური პარტიის Tisza-ს მხარდასაჭერად, რომელიც ვიქტორ ორბანის პოლიტიკას აპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი