აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე 30-დღიან ზავთან დაკავშირებით.
ტრამპის თქმით, პუტინმა “ძალიან იმედის მომცემი” კომენტარი გააკეთა, თუმცა ეს არ იყო ფინალური პოზიცია.
მისივე თქმით, ის მზადაა, პირადადაც ესაუბროს პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვშია სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორ სვლას გააკეთებს”, – განაცხადა ტრამპმა ნატოს-ს გენმდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას.
ტრამპის თქმით, სურს იხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისგან, რომ “არ ვმუშაობდეთ სიბნელეში”. მისივე თქმით, უკრაინასთან უკვე განიხილავენ ფინალური შეთანხმების არაერთ დეტალს, მათ შორის ტერიტორიების საკითხს: “მიწის ნაწილები, რომელიც შენარჩუნებული იქნება და რომელიც დაიკარგება”.
მისივე თქმით, აქ ჩართულია [ზაპოროჟიეს] ატომური ელექტროსადგურის საკითხიც. “ვინ მიიღებს ელექტროსადგურს, ვინ მიიღებს იმას, ამას. ეს არ არის ადვილი, მაგრამ პირველი ფაზაა ცეცხლის შეწყვეტა”. მან ახსენა უკრაინის ნატოს წევრობის საკითხი და თქვა, რომ 40 წელია უკვე ყველამ იცის, რა არის ამაზე პასუხი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ თანახმაა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან უნდა მიგვიყვანოს “გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის მთავარი მიზეზების გადაჭრამდე.
“იდეა თავისთავად სწორია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ ამერიკელ კოლეგებთან და ალბათ ტრამპთან სატელეფონო საუბრით”, – განაცხადა პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინის თქმით, გასარკვევია, როგორ იქნება ორგანიზებული ჰიპოთეტური დროებითი ზავი უკრაინაში, ხომ არ გამოიყენებს უკრაინა ამ პერიოდს მობილიზაციისა და იარაღის მარაგების შევსებისთვის, ვინ დაადგენს, ვინ დაარღვია შეთანხმება, რა იქნება ამის შედეგები და ა.შ.
11 მარტს, საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.
13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.
უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ 2014 წელს დონბასში ჰიბრიდული თავდასხმითა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიით, მოგვიანებით კი, სრულმასშტაბიანი აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ.