38-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გუშინ, 18 თებერვალს, მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ შეეცდება, ექიმების დახმარებით, საკვების მიღება დაიწყოს. 12 იანვრის შემდეგ მან მხოლოდ დღეს მიიღო სპეციალურად შერჩეული საკვები.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, კვების აღდგენის პროცესი არანაკლებად სარისკოა, ვიდრე თავად შიმშილობა. 24-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიიდან სწორედ “ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
“კვების აღდგენის პროცესი საკმაოდ სერიოზული პროფესია. არანაკლებად რთულად სამართავი, ვიდრე, თუნდაც შიმშილობის მიმდინარეობის პერიოდი. იმიტომ, რომ არასწორად მიღებულმა საკვებმა შეიძლება გამიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები. ეს შეიძლება აისახოს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, გამოიწვიოს არითმიები და ა.შ. ამდენად, შემუშავებულია საერთაშორისო პროტოკოლი, რაც ითვალისწინებს გარკვეული კალორაჟით საკვების მიღებას. განსაკუთრებით, პირველი ორი დღის განმავლობაში, რაც ძალიან საყურადღებოა. გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორია ლაბორატორიული კვლევის შედეგები, როგორია მინერალების შემცველობა და ა.შ. რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფუზიური თერაპია, ანუ გადასხმები. ასევე, ჩვენ ვაწვდით მინიმალური მოცულობით, გარკვეული კალორაჟით საკვებს.
მდგომარეობა მისი სტაბილურია, თავს გრძნობს საკმაოდ მხნედ. იცით თქვენ, რომ გუშინ მან, მისი გადაწყვეტილებით, შეწყვიტა შიმშილობა და ჩვენ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, კვების განახლების პროცესი, ვხელმძღვანელობთ შესაბამისი, ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. შესაბამისად, მას ეძლევა ის საკვები, რაც დასაშვები არის პირველი დღეების განმავლობაში, როდესაც პაციენტი აახლებს საკვების მიღებას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჩხაიძემ.
ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი და რამდენ ხანს დასჭირდება ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა. ექიმი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პროგნიოზს გაკეთება რთულია.
“ძალიან ინდივიდუალურია. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მის მონაცემებს და აი, ამ მონაცემების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. გუშინ, 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.
ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა მიიღო.
13 თებერვალს ამაღლობელის იურისტებმა, საქმეში ახალი გარემობებების გამოვლენის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 16 თებერვალს ყოლბაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
ამავე თემაზე: