საზოგადოება

რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში

12 თებერვალი, 2025 •
რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში

ხვალ, 13 თებერვალს, ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“.

საქართველოს შესახებ რეზოლუციის საკუთარი პროექტი მოამზადა ევროპარლამენტის 7-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუმცა შემდეგ 5 პოლიტიკური ჯგუფი (EPP, S&D, ECR, Renew Europe, Verts/ALE) ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდა, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს. შესაძლოა, ტექსტში მცირედი შესწორებები შევიდეს კენჭისყრაზე.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ რა, რომ „ვერ ასახავს ხალხის ნებას და შედეგად, მიღებული „პარლამენტი“ და „პრეზიდენტი“ მოკლებულია ყოველგვარ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გამოყენებულია ტერმინები: თვითდანიშნული, თვითმარქვია და თვითგამოცხადებული.

„საქართველოს თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ ქვეყანა ჩააგდო სრულყოფილ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისში, ასევე -ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კრიზისში. გამოირჩეოდა მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ სასტიკი რეპრესიებით, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები აქტიურად აყალბებენ პოლიტიკურად მოტივირებულ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ბრალდებებს მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს დაკავებული მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ. სპეცრაზმს მიზანმიმართულად არ ჰქონდა ძალის საიდენტიფიკაციო ნომრები, ძალით დაარბია მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით“,- ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ხაზგასმულია მედიისთვის შექმნილი პრობლემები და ძალადობრივი თავდასხმები ჟურნალისტებზე, მათ შორის- ალექსანდრე ქეშელაშვილის, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის საბა ქევხიშვილის შევიწროება. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება;

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია გიორგი გახარიაზე თავდასხმა, ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავება ანტისამთავრობო აქციების დროს.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ „საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და გადაჭარბებული ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ“ და დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს დაკავებულების სისტემური არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების შესახებ.

აღნიშნულია „ახალი დრაკონული კანონმდებლობა“, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგაა მიმართული, საჯარო მოხელეების დათხოვნა განსხვავებული აზრის გამო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობის შეჩერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი:

  • გმობს „ქართული ოცნების“ „ხელისუფლების წარმომადგენლების“ ქმედებებს და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები; საქართველოს განიხილავს, როგორც „ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს;
  • არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაარსებულ პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას;
  • ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია და შეუერთდნენ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს;
  • აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად. ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს წარმომადგენლად სწორედ სალომე ზურაბიშვილი მიიწვიოს;
  • მოითხოვს, საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდეს ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ;
  • მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU25-ს (უნგრეთის და სლოვაკეთის გამოკლებით), ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მის კომპანიებს და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში; მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვას და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები;
  • მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დააწესონ პერსონალური სანქციები იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკან დახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. მათ შორისაა ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი; მოუწოდებს მათ, სანქციები გაავრცელონ მოსამართლეებზე, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე, ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებების — მათ შორის „იმედის“, „პოსტივის“ და „რუსთავი 2-ის“ მფლობელებზე.
  • მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერას, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს („რიჟა“), თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს;
  • ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პირობებისთვის; იმეორებს თავის მოწოდებას კომისიისა და საბჭოსადმი, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული;
  • კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს; მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული პირებისა;
  • კატეგორიულად გმობს დრაკონული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც აწესებს დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებზე და მოითხოვს ბოლო დროს მიღებული ასეთი რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანად გამოყენებისთვის დაკავებული ყველა პირი;
  • მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად და გამოიძიოს ძალადობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა;
  • მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელთა პირების გასამართლებას;
  • გმობს პროკურატურის მიერ 2025 წლის 8 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საბოტაჟზე გამოძიების დაწყებას. განიხილავს ამ ქმედებას, როგორც რეჟიმის მიერ რეპრესიების შემდგომ ესკალაციას;
  • გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დონორების შეურაცხყოფის კამპანიას ;
  • გმობს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის მანდატის შეწყვეტას;
  • აღნიშნავს, რომ საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის ლიდერი, გადის დემოკრატიული უკან დახევის დაჩქარებულ პროცესს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბელარუსის პოლიტიკური განვითარების გზაზე გადასვლა;
  • მოუწოდებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ აუდიტს; მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ მისი ზოგადი პრინციპების დარღვევის ფონზე. აღნიშნავს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობის და შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება;
  • მოუწოდებს კომისიას, შეწყვიტოს ფინანსური მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისთვის და დააწესოს მორატორიუმი საინვესტიციო პროექტზე; მოუწოდებს კომისიას, დაიწყოს ოლიგარქიული ინტერესების შესაბამისი ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება შემაკავებელი ზომების ან ეკონომიკური სანქციების შესაძლო დაწესების მიზნით;
  • მოუწოდებს კომისიას, საქართველოს მთავრობისთვის გაყინული 120 მილიონი ევრო სწრაფად გადაიტანოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად;
  • გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში რუსეთის გავლენის მზარდი გავლენის გამო და „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს რუსეთთან დაახლოების გამო. გმობს „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას და რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობას.
  • მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი