საზოგადოება

ადვოკატი ხსნის, ყველაზე მძიმე შემთხვევაში რა სამართალდარღვევაზე (არ) შეიძლება ედავონ მზია ამაღლობელს

12 თებერვალი, 2025 •
ადვოკატი ხსნის, ყველაზე მძიმე შემთხვევაში რა სამართალდარღვევაზე (არ) შეიძლება ედავონ მზია ამაღლობელს

დღეს, 12 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ცნობილი გახდა, რომ მისი უფლებადამცველები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.

როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, საქმეზე გამოძიება საპროცესო მოქმედებების თვალსაზრისით ამოწურულია. შესაბამისად, არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ მზია ამაღლობელი მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს ან მტკიცებულებებს გაანადგურებს.

რა მტკიცებულებები დევს მზია ამაღლობელის საქმეში?

ადვოკატების განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმის მასალები 31 იანვარს გადაეცათ.

მაია მწარიაშვილის თქმით,  ამ დროის მოცემულობით, მზია ამაღლობელის საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ დაზარალებულის ანუ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის და 6 პოლიციელის ჩვენება.

ჩვენებაში ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ მას ეტკინა მას შემდეგ, რაც სილა გააწნეს და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში, რასაც  6 პოლიციელი უდასტურებს.

„ეს არის ბრალდების მთელი მტკიცებულებები… მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და მათთვის ეკითხა, სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დგებუაძეს სახეზეო. ეს გახლავთ მთელი ბრალდება.

ცხადია, ამ ოთხივე პოლიციელის ჩვენება „ქოფი-ფეისთით“ არის გადატანილი ერთმანეთისგან. სხვაობა არის მხოლოდ ის, რომ ზოგიერთი პოლიციელი ამბობს: „ბატონ დგებუაძეს „გაწითლებული ჰქონდა ლოყა – ყურის არე“ – ამ ფრაზით და რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაში არის, რომ მას „გაწითლებული ჰქონდა ლოყის და ყურის არე“. ეს სხვაობა არის მხოლოდ მათ ჩვენებებში.

ბრალდებას არც უცდია და არ გამოუკითხავს სხვა რომელიმე მოწმე მანიფესტანტი, რითაც ასაბუთებდა აღკვეთის შუამდგომლობას. ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ გამოუკითხავთ. მთელი ბრალდება დგას ამ 6 პოლიციელის ჩვენებაზე. ბრალდებას აქვს დაზარალებულის ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება, როგორც თვითონ მიიჩნევენ, მათთვის საკმარისი…

მზიას დაკავების შემდეგ პირველი პოლიციელი 23 იანვარსაა, მგონი, დაკითხული. 4 პოლიციელი რომ დაეკითხა გამოძიებას, ამისთვის სჭირდებოდა მზიას [წინასწარი] პატიმრობა? ამ ოთხ პოლიციელს რომ ეთქვა, რომ ლოყა შეუწითლდა ბატონ დგებუაძესო? სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ეს თავდასხმა არ არის… ამ 4 პოლიციელის დაკითხვაზე დაახლოებით 4-5 საათი დახარჯეს, საშუალოდ 1 საათი თითო პოლიციელზე. ადამიანი 2 თვე პატიმრობაში არ უნდა გყავდეს იმიტომ, რომ შენ 5 საათი დახარჯო პოლიციელების გამოკითხვაზე“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წარუდგენენ მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა ამ საქმეში.

ამიტომ, მისი თქმით, ამ ეტაპზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რითია დასაბუთებული მოწმეებზე ზემოქმედების გარემოება და რატომ არის საჭირო, რომ მხოლოდ პატიმრობაში იყოს მზია ამაღლობელი.

„ეს საფუძველი აბსოლუტურად გამოცლილია, დაკითხულია ყველა. გარდა იმისა, რომ დაკითხულია ყველა, ამ საქმეში ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე [დაკავების] ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ვიდეოფაილი და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

ამასთან, მაია მწარიაშვილის თქმით, როდესაც  ადვოკატებმა საქმის მასალები ჩაიბარეს,  იმ დროისთვის აჭარის ტელევიზიიდან ვიდეომასალაც კი არ ჰქონდა გამოძიებას მიღებული, იმდენად არ ჩქარობენ.

ადვოკატის თქმით, მეორე საფუძველი, რითაც ბრალდებამ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობა მოითხოვა  და სასამართლომ გაიზიარა, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმია, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაკავებას წინ უძღოდა.

როგორც მაია მწარიაშვილი ამბობს, ეს არის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც გაყალბებულია. ვინაიდან მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ირაკლი დგებუაძემ თქვა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  150-ე მუხლით იჭერდნენ, რაც ფასადზე იერსახის დამახინჯებას ეხება.

თუმცა სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობებსა და სავალ ნაწილზე არ იკრძალება და 150-ე მუხლით დაკავების უფლება არც არსებობს.

ამიტომ, ადვოკატის თქმით, როცა პოლიციაში მიხვდნენ, რომ 150-ე მუხლით მზია ამაღლობელს ვერ დააკავებდნენ,  დაკავების ოქმი გააყალბეს და სხვა სამართალდარღვევა ჩაუწერეს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლის –  რაც მას არ ჩაუდენია.  მაია მწარიაშვილის თქმით, გაყალბებულ ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა.

ადვოკატის თქმით, საფუძველი, რომელიც  ყალბ ოქმს ეყრდნობოდა, გამოირიცხება ვიდეოფირით, რომელსაც სასამართლოს წარუდგენენ.

„ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. თავისთავად ცხადია, რომ მაშინ ბრალდება სასამართლო მასალებში არ წარადგენდა [ვიდეოს], სადაც თვალნათლივ ჩანს, რა გარემოებებში მოხდა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება. ამავე ვიდეოფირში ჩანს, რომ იმ წუთას, როცა დააკავეს მზია ამაღლობელი, როცა ეკითხებიან, ბატონი დგებუაძე პასუხობს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე ანუ მათი ვარაუდით, სტიკერის გაკვრის გამო.

თუმცა სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა ყალბად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, სადაც წერია, რომ თურმე „მზია ამაღლობელი იდგა აქციაზე და პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო“ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მან არ შეწყვიტა ეს მოწოდება… ამავე სისხლის სამართლის მასალებიდან ჩანს, რომ ამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ყველა უკანონოდ დაკავებულის შემთხვევაში, [ოქმში] ეს ტექსტი არის იდენტური. პოლიცია ყველა ოქმში სახელს და გვარს ცვლის და იმეორებს ერთსა და იმავეს“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

რატომ არის მზია ამაღლობელის ბრალდება მანიპულირებული სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით?

მაია მწარიაშვილის თქმით, რადგანაც სხვა უფრო მსუბუქი მუხლით მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას ვერ მოითხოვდნენ,  ბრალდება სამართლებრივად შეაფასეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ეჭვი, რომ მზია ამაღლობელმა თავდასხმა ჩაიდინა.

„მზია ამაღლობელის სილის გაწვნას ჩვენ რომ დავარქვათ ტერორიზმი, იქნება ეს ტერორიზმი? მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად შეფასების საგანი ყოველთვის შეიძლება იყოს ამ ტიპის გამოძიების პირობებში მანიპულირების საგანი, როგორც ამ შემთხვევაშია, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნონ მზიას პატიმრობა, მაგრამ თავად ქმედების არსი არ იცვლება ამით. ქმედება გახლავთ ერთი სილა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმა არ არის“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის ბრალდების დოკუმენტებში მითითებულია, რომ ის ირაკლი დგებუაძეს თავს შურისძიების ნიადაგზე დაესხა და ეს თავდასხმა გამოხატულია სილის გაწვნაში.

თუმცა, როგორც მაია მწარიაშვილი ამბობს, ბრალდებას არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რასთან დაკავშირებით იძია მზია ამაღლობელმა შური.

„გამოძიება ცდილობს დანაშაულის ეპიზოდი დაიწყოს მხოლოდ სილის გაწვნის მომენტიდან. თუმცა ყველაზე არაობიექტური დამკვირვებლისთვისაც კი ცხადია, რომ ეს ამბავი არ იწყება იქ, ეს ამბავი იქ მთავრდება. ეს ამბავი იწყება გაცილებით მანამდე, იქიდან, როცა პირველად დააკავეს [აქციის] არაერთი მონაწილე და როგორც მინიმუმ ციალა ქათამიძე ასევე სტიკერის გაკვრისთვის, რის გამოც მზია მივიდა აქციაზე და შემდეგ თავად დააკავეს უკანონოდ. ეს ამბავი იწყება იქიდან, მაგრამ გამოძიების მასალებზე ამაში არაფერი არ არის. ამიტომ გაუგებარია, რა შურისძიების მოტივი ამოძრავებდა მზიას. ზედაპირზე დევს ინტერესთა კონფლიქტი ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

როგორც მაია მწარიაშვილი აცხადებს, ყველაზე მძიმე შემთხვევაში მზია ამაღლობელის მხრიდან საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან, რაც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

„[ეს არის] ისეთი ქმედების, რომელიც არ არის დასჯადი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რომელიც არ აღწევს იმ დონის ძალადობას, რომ სისხლის წესით იყოს დასჯადი. ყველა ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედება გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიცია. ეს არის ამ საქმის მთელი ამბავი – მოქმედებისთვის, რომელიც ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ ადამიანს წარდგენილი აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე მუხლით და იმყოფება პატიმრობაში“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.


მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი