საზოგადოება

გერმანიის საელჩო: განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო

12 თებერვალი, 2025 •
გერმანიის საელჩო: განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო

“განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ამ განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

“ამჟამად დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ.

გერმანიის საელჩო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას და თვლის, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი, კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები.

მაგალითად, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნას მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ. შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნას გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32-ე დღეა შიმშილობს. ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევებისთვის ვივამედში გადაიყვანეს, სადაც ჯერჯერობით რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი