შიმშილობის 27-ე დღეს მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ ექიმთა კონსილიუმმა მოინახულა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკის ფარგლებში გაგრძელდეს, რადგან უპირატესი მნიშვნელობისაა არა ის, რომ ამ მომენტისთვის მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები არაა საგანგაშო, არამედ ის, რომ მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.
ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც რეჟიმის პატიმარი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა, ოთხ მედიკოსს აერთიანებს: გასტროენტეროლოგს, ნევროლოგს, ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს.
გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ აღნიშნა, რომ სისუსტის მიუხედავად მზია თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე კლინიკაში გადმოყვანამდე, თუმცა ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი და დადგება მომენტი, როცა ექიმების ჩარევა საკმარისი აღარ იქნება.
„მონიტორინგი ყოველდღეა საჭირო. დავუშვათ, დღეს კარგადაა, ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად იყოს. იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ამ წუთში რა მაჩვენებლებია, ცვლილებების სისწრაფეს აქვს მნიშვნელობა“, — განაცხადა გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ.
კონსილიუმის ექიმები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს, მეტყველებს და გადაადგილდება ნელა, სვენებ-სვენებით. გამწვავების რისკის ქვეშაა მისი დაპატიმრებამდე გამოხატული დაავადებებიც, რაც საყლაპავ მილსა და კუჭს უკავშირდება.
„მდგომარეობა დასაფიქრებელია, შიმშილობის უკვე მერამდენე დღეა. როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, უფრო მძიმედ იყო კლინიკაში გადმოყვანამდე. კლინიკაში ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები. დღესდღეობით ისეთი მძიმე მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, რომ ადეკვატურად, კარგად და დროულად მკურნალობენ.
უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი და ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში ისეთი ცვლილებები მიდის, რომ ეს მიხმარება გარედან აღარ იქნება საკმარისი. შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ვეღარ დავიჭიროთ — გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში. ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ გაგრძელდეს მისი მკურნალობა. თუმცა, ისევ ვიმეორებ, ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ, ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევით ვერ მოხერხდება პაციენტის გადარჩენა“, — აღნიშნა გიორგი გვილიამ.
მზია ამაღლობელის სურვილია, რომ კვლევების დასრულების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდეს. როგორც ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ განაცხადა, მზია ამაღლობელი კიდევ რამდენიმე დღით დათანხმდა კლინიკაში დარჩენას.