„ქართული ოცნება“ ამჯერად მედიის წინააღმდეგ აანონსებს ახალ რეპრესიულ კანონს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 5 თებერვალს, განაცხადა.
„ოცნება“ თავად დაადგენს „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს“. ასევე შეზღუდვას მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, რითაც აკრძალავს კრიტიკული მედიის უდიდეს ნაწილს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო გრანტებისგან შედგება.
„ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძე ამბობს, ასევე მიიღებენ ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს, ვინაიდან, მისი თქმით, შარშან მიღებული რუსული კანონი ჯერ არ ამოქმედებულა სრულფასოვნად.
„შარშან პარლამენტმა მიიღო ფარას მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.
პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება მთავრობისგან.
პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, შანტაჟი, ზეწოლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის, ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე დაანონსა ანტინარკოტიკულ პოლიტიკის, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გამკაცრება.
„მომდევნო ორი თვის განმავლობაში: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ასევე მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.
აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.