ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ გამოსცა განგაშის სიგნალი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის მუხლით დაკავების შესახებ.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არის ევროპის საბჭოსა და პრესის თავისუფლების ცნობილი ორგანიზაციების ქსელის ერთობლივი პროექტი. ეს არის ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის რეალურ დროში მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი. პლატფორმა მუშაობს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებზე სიგნალების შეგროვებით და შემოწმებით. ეს შეტყობინებები, რომლებიც წარმოდგენილია პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გამოქვეყნებულია ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული ხელისუფლების მხრიდან სწრაფი მოქმედების მიზნით. სიგნალების გასაჯაროებით პლატფორმა ცდილობს უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და წაახალისოს წევრი სახელმწიფოები, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
2025 წელს პლატფორმაზე აქტიურია 4 საგანგაშო სიგნალი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ, აქედან ერთი ეხება უკრაინას, ხოლო სამი — საქართველოს.
პლატფორმამ 21 იანვარს გამოსცა განგაშის სიგნალი მზია ამაღლობელის საქმეზე.
მანამდე პლატფორმაზე გამოქვეყნდა განგაშის სიგნალები „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ წევრ, ვეტერან ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმისა და „ბათუმელების“ ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავების შესახებ.
საქართველოსთან დაკავშირებულ სამივე შემთხვევაზე მოქმედებს განგაშის სიგნალის პირველი დონე, რაც ფარავს მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს. განგაშის მეორე, შედარებით მცირე დონე არის გამოყენებული უკრაინის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებიდან „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამოქვეყნების კრიმინალიზების კანონპროექტს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
