თბილისის ბაზრებში საქონლის ხორცი გაძვირდა. ამის მიზეზი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალი მოთხოვნა გახდა, რომელმაც ბაზარზე, შესაძლოა, ახალი მონოპოლისტი წარმოშვას.
იმისათვის, რომ საქონლის ხორცი თბილისის ბაზარზე მოხვდეს, მეპატრონემ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაკლას. ამის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სამსახურმა 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ახალი ინიციატივის თაობაზე, სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ „ამით სასაკლაოების ბიზნესის წახალისება ხდება.”
ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ახალი კომპანია – იბერ მით ჯორჯია, რომელმაც სასაკლაო ნატახტარში გახსნა. კომპანიის დამფუძნებელი სამი ფიზიკური პირია, რომელთა ვინაობა უცნობია. დავით ბარაბაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სასაკლაო რამდენიმე დღის წინ გახსნა, თუმცა უკვე მოახერხა თითქმის მთელი თბილისის ბაზრის მოპოვება.
სურსათის უვნებლობის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თბილისის ტერიტორიაზე ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუკი საქონელი შემდეგ ოთხ სასაკლაოზე იქნება დაკლულია: ესენია – ციხისძირის, ნატახტარის, ყარაჯალასა და ასპინძის სასაკლაოები.
თბილისში მოქმედი ბაზრების ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირაა ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში იბარებენ, თუკი საქონელი ყარაჯალაში ან ნატახტარშია დაკლული.
”მესამე სასაკლაო, რომელიც ციხისძირშია, ემსახურება პოპულს და გუდვილს. გლეხმა რომ მიიყვანოს იქ ძროხა დასაკლავად, არც მოემსახურებიან. ჩვენთან ხორცი, ძირითადად, ნატახტარიდან შემოდის,“ – ამბობს ბაზარ იბერიას ადმინისტრაციის წარმომადგენელი გურამ წითურიძე.
ყარაჯალას სასაკლაოზე საქონლის დაკვლა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე – ნატახტარში: თუკი ყარაჯალაში ერთ სულ საქონელზე 10–ლარიანი ტარიფია დაწესებული, ნატახტარში 1 კგ ხორცში ახდევინებენ 1.20 ლარს, რაც მოვაჭრეების თქმით, მნიშვნელოვნად ზრდის ხორცის სარეალიზაციო ფასს. მიუხედავად ამისა, თბილისის ბაზრებში ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ძირითადად, მხოლოდ ნატახტარის ხორცი იყიდება.
„საქონლის დაკვლა ნატახტარმა აიღო თავის თავზე, იქ კილოში ლარი და ოცი უნდა გადაიხადო, დაკვლის და ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდამ გააძვირა ხორცი. ადრე გლეხები თვითონ კლავდნენ და „მარშუტკით“ ჩამოჰქონდათ, უდებდნენ ტონანახევარ ხორცს და „ოპტავოიში“ აბარებდნენ, ახლა მესამე ხელი ჩაერია და ფასმაც აიწია,” – ამბობს თბილისში ხორცით მოვაჭრე ვანო ბერიანიძე.
”ბაზარში ისე არ შემოგიშვებენ, ნატახტარის საბუთი თუ არ გაქვს. ახლა „ოპტავოებმაც“ გააძვირეს ხორცი: ადრე თუ ვიღებდით 6,5 – 7 ლარად, ახლა 8,2 – 9,2 ლარი ღირს,“ – ამბობს მოვაჭრე ჭაბუკი კვესელავა.
„საბითუმო მარაგდება ნატახტარის სასაკლაოდან, იქ გაძვირდა ხორცი და ამიტომ გაიზარდა საბითუმოს ფასებიც“– ამბობს ხორცით მოვაჭრე ბონდო არჯევანიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ნატახტარის სასაკლაო რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, იგი ერთადერთია, საიდანაც თბილისში მოქმედი, ასევე, ერთადერთი ხორცის საბითუმო ბაზარი მარაგდება. უფრო მეტიც, იბერ მით ჯორჯია ერთ თვეში თავად გეგმავს რამდენიმე მაღაზიის გახსნას, მოგვიანებით კი – ქსელის გაფართოებას.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, ბაზარზე ახალი მონოპოლისტების წარმოქმნას შეუწყოს ხელი:
”როდესაც ავალდებულებენ, რომ კონკრეტულ სასაკლაოებზე დაკლან, ეს არის ძალაუფლების მოპოვება ბაზარზე, ეს ერთის ხარჯზე მეორის ხელშეწყობაა, იმ გლეხის ხარჯზე, რომელმაც უნდა ჩაიყვანოს პირუტყვი და დამატებით ხარჯები გაიღოს,” – ამბობს ნოდარ ხადური.
ბაზარში სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი რომ სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, ეს საქართველოში ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონითაა განსაზღვრული. თუმცა კანონის ეს ნორმა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც არ არსებობს სასაკლაო.
მართალია, თბილისის ტერიტორიაზე არ არსებობს სპეციალური სასაკლაო, მაგრამ ამ კუთხით შეზღუდვას სურსათის უვნებლობის სამსახური აწესებს:
”კანონი ავალდებულებს მეპატრონეს, რომ სასაკლაოზე დაკლას საქონელი, თუ მისი ბაზარზე გატანა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ერთი სასაკლაო მაინც არის აღნიშნულ რაიონში. დღეისათვის კანონის მოთხოვნა არ ეხება იმ რაიონებს, სადაც ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს სასაკლაოები (იმ შემთხვევის გარდა, როცა საქონლის ხორცის რეალიზაცია გამიზნულია თბილისში და არა – ადგილზე),” – ნათქვამია პრეს–რელიზში, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა 22 ოქტომბერს გაავრცელა.
თუკი საქონლის ხორცის რეალიზაცია გამიზნულია თბილისში, ამისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოყოფილია ოთხი სასაკლაო, თუმცა რეალურად თბილისის ბაზრები ხორცით მხოლოდ ნატახტარის სასაკლაოდან მარაგდებიან.
დავით ბარაბაძე ამბობს, რომ კომპანია იბერ მით ჯორჯია სხვა რაიონებშიც გეგმავს სასაკლაოების გახსნას.
სასაკლაოები სხვა რაიონებშიც არსებობს, მაგალითად, გარდაბანში, თელავში, სენაკსა და ხაშურში, თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ იქ სანიტარული ნორმები დაცული არ არის და, შესაბამისად, იქ დაკლული საქონელი ვერ მიიღებს თბილისში გაყიდვის უფლებას.
”ეროვნული სამსახურის სპეციალისტების მიერ ხდება სასაკლაოების სანიტარულ–ვეტერინარული მდგომარეობის შემოწმება, სასაკლაოების მეპატრონეებს ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომ ისინი დარეგისტრირდნენ სურსათის მწარმოებელ საწარმოებად და იმუშაონ კანონმდებლობის შესაბამისად,” –განმარტავენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.
იმ რაიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს სასაკლაოები, ცხოველები იკვლება ვეტ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ. ”სპეციალურ ადგილებში”, ეროვნული სამსახურის სპეციალისტი ატარებს საქონლის დაკვლამდე და დაკვლის შემდგომ შემოწმებას, ადასტურებს ხორცის ვეტ-სანიტარულ კეთილსაიმედობას და გასცემს ფორმა 2-ს – ხორცის ვარგისიანობის შესახებ მოწმობას, მაგრამ ამ ხორცის (რომელზეც გაცემულია ფორმა 2) გაყიდვა აკრძალულია თბილისში.
”აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რატომ არ უნდა გაიყიდოს ეს ხორცი თბილისში. გამოდის, რომ მე, ფიზიკური პირი, შეიძლება ვაწარმოებდე ბიზნესს, ან ინდივიდუალური მეწარმე ვიყო და ვკლავდე საქონელს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელის თვალწინ და მაინც არ მაქვს უფლება თბილისში გავყიდო ხორცი, ე.ი. მეზღუდება ბიზნესის თავისუფლად წარმოების უფლება” – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია.
სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ თბილისში ხორცის გაყიდვის შეზღუდვის საფუძველი ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონის 321 მუხლით რეგულირდება, სადაც ვკითხულობთ:
”ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის რაიონში არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობის შემთხვევაში”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს კანონი არ შეიძლება ვინმესთვის თბილისში ხორცის გაყიდვის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სპეციალურ ადგილას დაკლული ხორცი თბილისში არ უნდა გაიყიდოს, სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ თბილისში გაიყიდება მხოლოდ კონკრეტულ სასაკლაოებზე დაკლული საქონლის ხორცი.
თუკი თბილისში მოქმედი ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი ან ბაზარი ჩაიბარებს და ივაჭრებს ისეთი ხორცით, რომელსაც ვეტ-მოწმობაში მითითებული არ აქვს, რომ დაკლულია იმ ოთხ სასაკლაოზე, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადგინა, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე ოდენობით.
თბილისში ხორცით მოვაჭრეები ამბობენ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის ახალმა გადაწყვეტილებამ საგრძნობლად გააძვირა ხორცი.
”ძალიან მიჭირს ხორცის შეძენა, ძალიან გაძვირდა, ორი ლარით მაინც არის მომატებული ფასი. ვეძებ, რომ ნაკლებად ვიყიდო, მაგრამ არ არის, თუმცა სხვა გზა არ მაქვს, მაინც უნდა ვიყიდო,“ – ამბობს თბილისის მცხოვრები ლიანა ჯაიანი.
სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელი დავით კობახიძე მოსახლეობას დაპირდა, რომ ხორცის ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლებოდა:
”შეიძლება ძალიან მცირედი ცვლილება იყოს ფასის, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, დათვილი გვაქვს და ვფიქრობ, რომ ფასის რეალური ზრდა არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა მან ბიზნეს კურიერის ეთერში.
თუმცა რეალურად 1 კგ საქონლის ხორცის ფასი უკვე 2 ლარით გაძვირდა თბილისში: 1კგ ძვლიანი ხორცის ღირებულება 9.5 ლარია, უძვლო ხორცის ფასი კი 10–დან 12 ლარამდე გაიზარდა.