საზოგადოება

პარტიების დაფინანსება ოპოზიციაში უთანხმოების საგანი გახდა

27 დეკემბერი, 2024 •
პარტიების დაფინანსება ოპოზიციაში უთანხმოების საგანი გახდა

ბარიერგადალახული პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები და კრიტიკა მოჰყვა პარტიული დაფინანსების მიღება/მიუღებლობის საკითხს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მათ შორის: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „გახარიამ საქართველოსთვის”  და „ძლიერმა საქართველომ“. ამათგან დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს ამოეწურათ.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო; ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო; ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო — აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“, — გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ „გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით“ სცადა, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წარდგენილი ბიუჯეტისთვის ხმის მიცემა გადაეფარა.

წითლიძის თქმით, ცესკომ ყველა პარტიას გაუგზავნა ოფიციალური წერილი დაფინანსებაზე, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ უნდა ეპასუხათ, სხვებმა კი უპასუხოდ დატოვეს.

„პარტიული დაფინანსება დამოკიდებულია შემდეგზე: თუ პარლამენტში შევა სიით გასული დეპუტატების ნახევარი — და არანაკლებ ნახევრისა. ანუ, ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუ არ შევიდა, დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე, პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის. ენმ-ს სია ჩახსნილი აქვს და უარი თქვა მანდატებზე. პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. ეს იციან ამ თემის სპეკულაციის ავტორებმაც. ისიც იციან, რომ რუსულ ფულზე მათგან საუბარი უხერხულია. ისევ ერთობის ხათრით არ განვავრცობ, თორემ 88 000 ხელფასი გაღატაკებულ ქვეყანაში არაა ცუდი. უფრო ვრცლადაც შეიძლება, ვის ოლიგარქის პარტიას გვეძახდნენ და ვის საიდან რა დაფინანსება ჰქონდა ამ არჩევნებზე. დანარჩენის გაშლა არ მგონია გაწყობდეთ“, — დაწერა ანა წითლიძემ Facebook-ზე.

„ქართული ოცნების“ მესიჯბოქსში მონაწილეობაში დაადანაშაულა „ზოგიერთი ოპოზიციონერი“ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.

„ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს“, — წერს მამუკა ხაზარაძე.

ანა წითლიძის მსგავსად, ისიც კითხვებს სვამს პარტია „ახალის“ დაფინანსებაზე.

„კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“ — წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

დაფინანსების მიღებაზე კრიტიკას ვრცელი პოსტით გამოეხმაურა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა:

  • პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან. თუ კობახიძეს და „ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება), ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს მიაწვეს, „ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს;
  • საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი „ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს;
  • ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია, რა და როგორ იქნება — მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა. ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია;
  • ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული. აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროებდა ჩვენს პარტიას.
  • არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას. ესაა ჩვენი ძალა — ღიაობა და გამჭვირვალობა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად — სუფთა ხელებით;
  • თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?!
  • დაბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დაფინანსებაზე უარის უთქმელობით „4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები“.

„თებერვალში შეიძლება, ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. აქედან სამმა, გახარიას გუნდის გამოკლებით, პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით მიმართა და ჩახსნა საარჩევნო სიები ცესკოშიც, რაც გამორიცხავს პარლამენტში დეპუტატების ადგილმონაცვლეების შესვლისაც. თუმცა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე არ უმსჯელია. მანდატებზე გაუქმების შემთხვევაში, პარტიები ვერც საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ.

შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ შეიტანა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის. ბიუჯეტიდან ფინანსდება პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

რაც შეეხება დაფინანსების რაოდენობას, პარტია ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იღებს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის — 15 ლარს, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარს.

ამ ფორმულით ოპოზიციური ბარიერგადალახული პარტიების ყოველწლიური დაფინანსება გამოდის:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ — 1 645 540 ლარი
  • „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“ — 1 555 480 ლარი
  • „ძლიერი საქართველო“ — 1 414 515 ლარი
  • „გახარია საქართველოსთვის“ — 1 306 575 ლარი

საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ირიცხება ყოველთვიურად, საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

თუმცა პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს.

პარტია მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

თუ პარტია უარს იტყვის კანონით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ის სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება.

ამ თემაზე:

რა მოხდება, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა

მასალების გადაბეჭდვის წესი