საზოგადოება

კალაძემ გაათავისუფლა მერიის თანამშრომელი, რომელიც აპროტესტებდა ევროინტეგრაციის შეჩერებას

26 დეკემბერი, 2024 •
კალაძემ გაათავისუფლა მერიის თანამშრომელი, რომელიც აპროტესტებდა ევროინტეგრაციის შეჩერებას

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა მერიის შშმ თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, რომელიც აკრიტიკებდა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და საჯარო მოხელეების მარშშიც მონაწილეობდა რუსთაველზე.

“სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8-წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს… რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამცთუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს”, – წერს სოფრომაძე და აქვეყნებს დოკუმენტებს მისი გათავისუფლების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მერიის  შტატგარეშე თანამშრომელი იყო და გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ის საქმიანობა, რომელსაც წლები ეწეოდა, მერიას დამატებით აღარ სჭირდება.

 

მანამდე თბილისის მერი კახა კალაძე დაემუქრა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე.

კალაძემ თქვა, რომ „საბოტაჟის მცდელობა“ პასუხგაუცემელი არ დარჩება. მანამდე კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. სწორედ ამ განცხადებას შეუერთდა გიგა სოფრომაძეც. ის იმყოფებოდა საჯარო მოხელეების მარშზეც, რომელიც რუსთაველზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი