საზოგადოება

პერსონალური სანქციები და უვიზოს შეზღუდვა – ცნობილია EU-ის მინისტრების დღის წესრიგი საქართველოზე

16 დეკემბერი, 2024 •
პერსონალური სანქციები და უვიზოს შეზღუდვა – ცნობილია EU-ის მინისტრების დღის წესრიგი საქართველოზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის დღევანდელ საბჭოზე 2 საკითხი განიხილება.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ პერსონალურ სანქციებზე (“ქართული ოცნების” წარმომადგენლების) და უვიზო რეჟიმის შეზღუდვის საკითხზე.

“საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით, საითკენაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ”, – განაცხადა კაია კალასმა და ხაზი გასუვა ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს.

მისი თქმით, უკვე მომზადებულია დასასანქცირებელი ადამიანების სია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა დაეთანხმოს. “ქართული ოცნების” მოკავშირე ვიქტორ ორბანს უკვე ნათქვამი აქვს, რომ  მხარს არ დაუჭერს პერსონალურ სანქციებს. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის საკითხს, მას ყველა წევრის კონსენსუსი არ სჭირდება.

“[დასასანქცირებელთა] სია უკვე მომზადებულია, მაგრამ მას ყველა უნდა დაეთანხმოს და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იქ”, – თქვა კალასმა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო დღეს დაიწყო. საქართველოს გარდა მასზე ასევე იმსჯელებენ სირიის საკითხებზე და უკრაინაში ომზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი