13 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა საქართველოში ოცამდე პირს და ასევე დაანონსა მომავალი სანქციები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, სანქცია კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
“დღევანდელი შეზღუდვა შეეხება დაახლოებით ოც პირს – მათ, ვინც მუშაობენ სახელმწიფო უწყებებში, პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურში, ასევე კერძო პირებს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ ცნობაში.
“შეერთებული შტატები მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, რომელიც ქართველ ხალხს უდიდესი მისწრაფებაა და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის ხელყოფაზე, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით რეგულაციებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებული ძლიერი და დემოკრატიული საქართველო.
ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის პოლიტიკას და ემატება ადრე გამოცხადებულ შეზღუდვებს, რომლებიც ეხება 100-ზე მეტ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ პირს და მათი ოჯახის წევრებს”, – აცხადებს აშშ.