საზოგადოებახელოვნება

მსოფლიოს 500-ზე მეტი ხელოვანის სოლიდარობა ქართველებს 

10 დეკემბერი, 2024 •
მსოფლიოს 500-ზე მეტი ხელოვანის სოლიდარობა ქართველებს 

500-ზე მეტი ხელოვანი და კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და არტისტებს.

„ჩვენ, ხელოვანები, კურატორები და კულტურის სფეროში დასაქმებულები მთელი მსოფლიოდან, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და ქართველ არტისტებს, რომლებიც იბრძვიან რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ”, – წერია პეტიციაში, რომელსაც ხელს ასობით არტისტი აწერს. 

“ქართველი ხალხის წინააღმდეგობა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ არ არის სათანადოდ აღიარებული და დაფასებული. ამ განცხადებით ჩვენ გვსურს, რომ თქვენი ყურადღება მივაპყროთ ხანგრძლივი ჩაგვრისაკენ, რომლის გადატანაც უწევთ ქართველ ხალხს, და მათი მტკიცე ბრძოლისაკენ ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

ამ წუთებში, ქართველი ხელოვანები, აქტივისტები და კულტურის სფეროში დასაქმებულები მჩაგვრელი და სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი გამოსვლების წინა ხაზზე არიან.

ბოლო წლებში ისინი იქცნენ პოლიტიკური რეპრესიის სამიზნეებად. ისინი განდევნილ იქნენ კულტურული სივრცეებიდან, მაგალითად, მუზეუმებიდან, კინოცენტრიდან, მწერალთა სახლიდან თუ აკადემიური ინსტიტუციებიდან. პროტესტის სხვა მონაწილეთა მხარდამხარ, მათ უწევთ საპოლიციო ძალადობის, დაჭერებისა და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების ატანა.

ახალ, ე.წ. “გეი პროპაგანდის ამკრძალავ” კანონს თავიდან შემოაქვს ცენზურა, ახდენს ქვიარ ადამიანების, ხელოვნებისა და კულტურის კრიმინალიზებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქვიარ საზოგადოებას და ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ავტოკრატიისა და ტოტალიტარული ძალადობის წინააღმდეგ. მათი წინააღმდეგობა შთამაგონებელია და მტკიცედ ვდგავართ მათ გვერდით თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლაში “, – წერია განცხადებაში, რომელსაც კვლავაც უერთდებიან ხელმომწერები. 

ხელმომწერთა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი