უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილსა და მის “18 თანამზრახველს, ვინც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის”.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოცქსელებში გამოაქვეყნა.
“ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკასა და ყველას მსოფლიოში, რომ მოიქცნენ ანალოგიურად, მოიქცნენ პრინციპულად”, – აცხადებს ზელენსკი.
ცნობილია, იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც უკრაინის სანქციები ეხება:
- ბიძინა ივანიშვილი,
- გრიგოლ ლილუაშვილი (სუს-ის უფროსი),
- კახა კალაძე (თბილისის მერი),
- მიხეილ ჩინჩალაძე (მოსამართლე),
- მამუკა მდინარაძე (დეპუტატი),
- ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი),
- ოთარ ფარცხალაძე (ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი, ყოფილი გენპროკურორი),
- ირაკლი რუხაძე (“იმედის” მფლობელი),
- ლევან მურუსიძე (მოსამართლე),
- ვიქტორ ჯაფარიძე (დეპუტატი, postv-ის მფლობელი),
- დიმიტრი სამხარაძე (დეპუტატი),
- გიორგი ხაინდრავა (ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი),
- ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი),
- გიორგი კობახიძე (ირაკლი კობახიძის მამა),
- ზვიად შალამბერიძე (დეპუტატი, ყოფილი გუბერნატორი),
- შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე),
- თეა წულუკიანი (დეპუტატი),
- ირაკლი ქარსელაძე (ინფრასტრუქტურის მინისტრი),
- კახა ბექაური (კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი)
„საქართველოში რაც ხდება, არის არაერთი ერის და არამარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა — თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს“, — აცხადებდა ზელენსკი სანქციები გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.