საზოგადოება

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან შეძლეს თავი დაეღწიათ სპეცრაზმისთვის

3 დეკემბერი, 2024 •
მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან შეძლეს თავი დაეღწიათ სპეცრაზმისთვის

3 დეკემბერს, დილის 7:30 საათზე, ჭავჭავაძის გამზირი თსუ-ს პირველ კორპუსთან  სპეცრაზმმა დაიკავა –  აქციის მონაწილეებმა წამებში მოახერხეს თავი დაეღწიათ სპეცრაზმისგან ისე, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ დაუკავებიათ.

მომიტინგეებმა, მას შემდეგ, რაც ყველა მხრიდან სპეცრაზმელები წამოვიდნენ, მყისიერად დატოვეს ტერიტორია პატარა ქუჩებით.  წყლის ჭავლი მხოლოდ ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენეს.

პროტესტის მეექვსე დღეს, გამთენიის 05.15 საათიდან, მომიტინგეებმა დატოვეს რუსთაველის გამზირი და გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე. მოაწყვეს მსვლელობა და გაჩერდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევის ჩასახვევთან.

ამის შემდეგ რუსთაველის გამზირი დატოვა სპეცრაზმმაც და პოლიციამ.


მანამდე პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში აკავებდა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე და აქციის დასაშლელად მხუთავ აირს იყენებდა, თუმცა აქციის მონაწილეები მიმდებარე ქუჩებს აფარებდნენ თავს და აქცია დილის 7 საათამდე არ დაშლილა.

რა ხდება?

  • 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მასშტაბური საპროტესტო აქციებია თბილისში, ბათუმში და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.
  • აქციებზე დააკავეს ასობით ადამიანი, არიან დაშავებულები, მათ შორის – ჟურნალისტებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი