საზოგადოება

მომიტინგეებმა პარლამენტთან ღამე გაათენეს, აქცია კვლავ გრძელდება

25 ნოემბერი, 2024 •
მომიტინგეებმა პარლამენტთან ღამე გაათენეს, აქცია კვლავ გრძელდება

მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს, დაგეგმილია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

პროტესტი რუსთაველზე 24 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, რომლებიც დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად სჭირდებათ. თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის- ხლად ნაყიდი წყლის ჭავლის მანქანა. პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ონლაინ მედიებს ეკრძალებათ  შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება.

დღეს, 09 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილია აქცია დაიბრუნე ხმა. მისი ინიციატორი სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დალოდებია, „ქართულმა ოცნებამ“ 25 ნოემბერს დანიშნა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და თქვა, რომ ამავე სხდომაზე მოხდება პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

კონსტიტუციონალისტების ნაწილის თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს უფლება არ აქვს ცნოს საკუთარი უფლებამოსილება მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი