ნაკურთხი ბიზნესი

მაღაზიებში ”უსაფუარო” და ”მცენარეული საფუარით” გამომცხვარი პური იყიდება, რომელსაც ”საპატრიარქოს პურის” სახელით იცნობენ. საპატრიარქო აღნიშნულ წარმოებასთან რაიმე ოფიციალურ კავშირს უარყოფს, თუმცა, მრევლის თქმით, სწორედ პატრიარქის კურთხევით ყიდულობენ აღნიშნულ პურს.

მაღაზიებში ”უსაფუარო” და ”მცენარეული საფუარით” გამომცხვარი პური იყიდება, რომელსაც ”საპატრიარქოს პურის” სახელით იცნობენ. საპატრიარქო აღნიშნულ წარმოებასთან რაიმე ოფიციალურ კავშირს უარყოფს, თუმცა, მრევლის თქმით, სწორედ პატრიარქის კურთხევით ყიდულობენ აღნიშნულ პურს.

პურში საფუარის შემცველობის თემაზე პირველი მინიშნებები საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემაში გაჩნდა: საპატრიარქოს ყოველკვირეული ჟურნალის საპატრიარქოს უწყებანი 2009 წლის ივნისის ნომრის ბოლო გვერდზე გამოჩნდა დოლის პურის (ამ პურის წარმოება დაიწყო შპს „დაგი პლიუსმა“) ლოგო, შემდეგი მინაწერით:

„არ არის გამდიდრებული ხელოვნური დანამატებით და ვიტამინებით. მასში საერთოდ არ არის საფუარი… იგეგმება პურის შეტანა ეკლესიებთან ახლომდებარე სასურსათო მაღაზიებში.”

ზუსტად ერთი წლის შემდეგ (2010 წლის ივნისში) საეკლესიო ჟურნალში „ქვაკუთხედი“ (რომელიც რუის–ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გამოდის)  გამოქვეყნდა სტატია, სათაურით – “პური აღარაა სამარხვო პროდუქტი [?!]” სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პური საქართველოში ცხვება თურქული საფუარით, რომელსაც „ურევია კვერცხი (მცირე ალბათობით ხორცის თუ ძვლის ნახარშიც)“.

სტატიაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ თურქული საფუარით დამზადებული პური, რომელიც საქართველოს მაღაზიებში იყიდება, მოჯადოებული პროდუქტია და “როდესაც ადამიანი შეიძენს მოჯადოებულს, არაწმინდა ძალა მასზე გადადადის და უძნელებს როგორც სულიერ, ისე ხორციელ ცხოვრებას”.

იმავე სტატიაში მითითებულია, რომ საქართველოში, “შიგადაშიგ არის მაღაზიები, სადაც იყიდება უსაფუარო პური… ზოგიერთ ტაძარში და საეკლესიო მაღაზიაში იყიდება  მონასტერში გამომცხვარი პური, ზოგი უსაფუაროა, ზოგი სანდო საფუარიანი. ვინც რას ეძიებს იმას პოულობს”.

სტატიამ მრევლში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ვინც ჟურნალის შეძენა ვერ მოახერხა, სტატიის ქსეროასლები დაამზადა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა მოძღვარმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს, „უსაფუარო“ ან „ქართული, მცენარეული საფუარით“ დამზადებული პურის მოხმარებისკენ, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთი მოძღვრებიც, რომლებმაც მრველს განუმარტეს, რომ სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

თუმცა ფაქტია, რომ ძალიან მალე სასურსათო მაღაზიებში გამოჩნდა ახალი დასახელების პური, რომელსაც გამყიდველები მომხმარებლებს აცნობენ „საპატრიარქოს პურის“ სახელით.

ხათუნა ვეშაგური „ღრმაღელის“ მეტროსთან მდებარე სუპერმარკეტის კონსულტანტია. ვეშაგური ამბობს, რომ უსაფუარო პურს მის მაღაზიაში მომხმარებლები, ძირითადად, იმის გამო ყიდულობენ, რომ მას „საპატრიარქოს პურის“ სახელით იცნობენ:

”ძირითადად, იმიტომ ყიდულობენ, რომ უსაფუაროა და მცენარეულ საფუარზეა გამომცხვარი, თან ”საპატრიარქოც” ჟღერს”.

სეფისკვერი/ პური / ეკლესია ფოტო: theologia.ge

ფოტო: theologia.ge

„ყველამ იცის, რომ ეს არის ჯანმრთელი პური, სხვა პურებში არის შხამები. თან, უწმინდესის კურთხევას ვინც არ შეასრულებს, იმას რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს“, – ამბობს გიორგი, სიონის ტაძრის მორჩილი.

„დალოცვილი პურია, სიყალბეს არ შეიცავს. ზოგი ისეთ საფუარს ხმარობს, რომ საზიანოა, ზოგი გენმოდიფიცირებულ ხორბალს იყენებს, ახლა ჩამოიტანეს ამერიკიდან. ეს არის ქართული ჯიშის ხორბალი, ემსახურება ქართული მეურნეობის აღორძინებას“, – გვეუბნება სიონის ტაძრის სტიქაროსანი.

თუკი თურქული საფუარით მომზადებული პური „მოჯადოებულია“ და მრევლმა ამის გამო უნდა თქვას უარი მის მოხმარებაზე, ამ ლოგიკით მრველისთვის სახიფათოა სეფისკვერის მიღებაც: სეფისკვერები, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ თურქული საფუარით მზადდება საქართველოში.

სამების სამონასტრო კომპლექსში  საცხობი ფუნქციონირებს, რომელიც მცხეთა-თბილისის ეპარქიის ეკლესიებს სეფისკვერებით ამარაგებს. საპატრიარქოს საცხობის მცხობელმა ოთარ ალადაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ სეფისკვერების ცხობისას უცხოური წარმოების საფუარს იყენებენ:

“საფუარი ცომის ამოსაყვანადაა საჭირო. ვიყენებთ უცხოურ, ქარხნულ საფუარს, ლიონი ჰქვია, თუმცა რისგან მზადდება, არ ვიცი”

საფუარი ლა ლიონი, რომელსაც საპატრიარქო სეფისკვერების გამოსაცხობად იყენებს,  თურქული წარმოებისაა.

კვებითი მრეწველობის ინსტიტუტმა 2010 წლის დასაწყისში  ჩაატარა კვლევა. კვლევისას შეადარეს ქარხნული და მცენარეული საფუარებით გამომცხვარი პური. აღმოჩნდა, რომ ორივე ტიპის პურში საფუარის შემცველობა ნულია.

ნუგზარ ბაღათურია, კვებითი მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, კვლევის შედეგს შემდეგნაირად ხსნის:

„საფუარი არის სოკო, ერთუჯრედიანი სხეული, რომელიც 50 გრადუს ცელსიუსზე კვდება. პურის გამოცხობისას ცომის შუაგულში ტემპერატურა 100 გრადუსამდე ადის, ანუ საფუარი თავის საქმეს რომ გააკეთებს, კვდება, რჩება მხოლოდ საფუარით გამდიდრებული პური. იმის მტკიცება, რომ პური საფუარის გარეშე ცხვება, არის ტყუილი.“

გივი გორგიაშვილი, დოლის პურის მწარმოებელი კომპანიის (ამ პურს 2010 წლის ივნისამდე აწარმოებდა შპს დაგი პლიუსი, რომელიც შეცვალა შპს იბერია 2010–მა, თუმცა ორივე ფირმის წარმომადგენელი გორგიაშვილია) დირექტორი ირწმუნება:

”საფუარს არ ვიყენებ იმიტომ, რომ მას თავისი უარყოფითი თვისებები აქვს. სვიის ყვავილზე დამზადებულ გამაღვივებელს კი სამკურნალო თვისებები გააჩნია.”

”სვიის გამაღვივებლებზე პურის მომზადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პური საფუარს არ შეიცავს. სვიის ექსტრაქტს რომ ღებულობენ, ის შეიცავს საფუვრის სოკოს,”- ამბობს ნუგზარ ბაღათურია.

გორგიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ წარმოებულ პურს საპატრიარქოსთან არანაირი კავშირი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავად არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.

”ეს არ არის ”საპატრიაქოს პური”. უბრალოდ, საპატრიარქოდან წამოვიდა იდეა, რომ ჯანმრთელი პური დამზადებულიყო. დაგვაინტერესა ამ იდეამ, გვინდოდა ძველი ტრადიცია აღგვედგინა”, – ამბობს გორგიაშვილი.

თუმცა ფაქტია, რომ იბერია 2010-ის დოლის პური თბილისში, სიონის ეკლესიის ეზოსა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ეკლესიასთან მდებარე საპატრიარქოს კუთვნილ მაღაზიაში მონასტრის ბარაქა იყიდება.

 

დოლის პური თბილისის სხვა სუპერმარკეტებშიც იყიდება „საპატრიარქოს პურის“ სახელით. ჩვენ რამდენიმე ასეთი სუპარმერკეტის (გურამიშვილის #26–ში მდებარე მაღაზია, „სუპერმარკეტი ვორონცოვზე“, სასურსათო მაღაზია  საარბრიუკენის მოედანზე) გამყიდველს გავესაუბრეთ, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ მათ მაღაზიებში ნამდვილად იყიდება „საპატრიარქოს პური“, თუმცა, მათივე თქმით, ამ პურზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებია.

”ქვის პურს დღეში ხუთას ცალს ვყიდი. საპატრიარქოს პური მარტო 15-20 ცალი იყიდება. საპატრიარქოს პურს არ ჰყავს ბევრი მყიდველი,” – ამბობს გურამიშვილის გამზირის 26 ნომერში მდებარე მაღაზიის კონსულტანტი ქეთი ფერაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე მაღაზიაში, სადაც ე.წ. „საპატრიაქროს პური“ იყიდება, გამყიდველები ძალისხმევას არ იშურებენ მომხმარებლების მოსაზიდად:

„თავად პატრიარქი მხოლოდ ამ პურს ჭამს და გირჩევთ იყიდოთ,“ – ურჩევენ ისინი მომხმარებლებს.

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ნეტგაზეთმა სცადა საპატრიარქოსთან დაკავშირება. ჩვენ გვაინტერესბდა რამდენიმე საკითხის გარკვევა: 1. გამოხატავდა თუ არა საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას „ქვაკუთხედის“ 2010 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია, რომ თურქული საფუარით მომზადებული პური არ არის სამარხვო პრუდუქტი და მისი მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავოს მრევლმა? 2. რა კავშირი აქვს საპატრიარქოს სუპერმარკეტებში გაყიდვაში არსებულ პურთან, რომელსაც გამყიდველები და მომხმარებლები იცნობენ „საპატრიარქოს პურის“ სახელით?

თავდაპირველად საპატრიარქოს ტელეფონით დავუკავშირდით. პირი, რომელიც ტელეფონით გაგვესაუბრა, გაგვეცნო, როგორც საპატრიარქოს იურისტი თამარი (გვარი არ გაგვიმხილა). მან გვიპასუხა, რომ შპს იბერია 2010–ს, რომლის წარმოებულ პურსაც იცნობენ „საპატრიარქოს პურის“ სახელით, არაფერი აქვს საერთო საპატრიარქოსთან.

ამის შემდეგ ჩვენ საპატრიარქოში მივედით, სადაც პრეს–სამსახურთან ვცადეთ შეხვედრა. საპატრიარქოს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა მაია გაგუამ ტელეფონით გვითხრა, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა, რის შემდეგაც საპატრიარქოს სამდივნოს მივაკითხეთ, სადაც მამა მიქაელ ბოტკოველმა მოუცლელობის მიზეზით გვითხრა უარი, ეპასუხა ჩვენი შეკითხვებისთვის.

მოგვიანებით ისევ ვცადეთ პრეს–სამსახურთან დაკავშირება. მაია გაგუამ, საპატრიარქოს პრესსამსახურის თანამშრომელმა, დაგვიდასტურა რომ იბერია 2010–მა დოლის პური პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნა:

დოლის პური პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. პატრიარქის სურვილი იყო, ქართული ტრადიციით გამომცხვარი პური გამოჩენილიყო და ეს საწარმო გამოგვეხმაურა. თუმცა საწარმო ჩვენთან არ არის რეგისტრირებული და, შესაბამისად, არც საპატრიარქო ნახულობს ეკონომიკურ სარგებელს.“

საკვები პროდუქციის ადგილზე წარმოების აუცილებლობაზე პატრიარქმა ჯერ კიდევ 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში იქადაგა:

„მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ხელოვნული მეთოდებით მიღებული ჭარბი პროდუქციისთვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ, საქართველოც სურთ თავისი გავლენის სფეროდ… გადააქციონ… თვით მოსახლობასაც შეუძლია ზომების მიღება – მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.“

მაია გაგუამ განმარტა, რომ საპატრიარქო მხარს დაუჭერს იბერია 2010-ს, რადგან ეს საწარმო თურქეთიდან შემოტანილი უვარგისი საფუარით არ აცხობს პურს. ჩვენს კითხვაზე, მოსთხოვს თუ არა საპატრიარქო იბერია 2010-ს, არ გამოიყენოს მისი სახელი, გვიპასუხა, რომ საპატრიარქოს პრეტენზია არ ექნება დოლის პურის მწარმოებელთან.

”არ ვიცი, რატომ იცნობენ „საპატრიარქოს პურის“ სახელით ამ პურს. საპატრიარქოში და ეკლესიებში მრევლი, ძირითადად, ყიდულობს ამ პურს იმიტომ, რომ სუფთა პურია. საპატრიარქოს სახელი რა შუაშია, არ მესმის”, – გვითხრა გივი გორგიაშვილმა.

კვებითი მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ბაღათურია ამბობს, რომ არც ერთი, თურქული და სვიის საფუარით გამომცხვარი, პური არ შეიცავს საფუარს. იგი მომხმარებლებს ამშვიდებს, რომ არ არსებობს სინთეზური, ადამიანის ხელით შექმნილი საფუარი. ქარხნული წარმოების ყველა საფუარი ველური საფუარისგან მიიღება. ქარხნული წესით, ტექნოლოგიური სტანდარტის შესაბამისად დამზადებული საფუარი უკეთესია, ვიდრე რომელიმე საწარმოში სვიის ექსტრაქტის მიღება:

”ქარხანაში დამზადებული საფუარი, მეცნიერული კვლევის შედეგად არის მიღწეული, მეცნიერულად დასაბუთებული… მას შემდეგ, რაც ეგვიპტელებმა საფუარი გამოიყენეს, ხუთი ათასი წელია პურს საფუარით აცხობენ, ასე იყო საქათველოშიც… ”უსაფუარო” ძველქართულ ტრადიციასთან და სამონასტრო ცხოვრებასთან რატომ ასოცირდება, არ ვიცი.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი