ქალი პოლიტიკოსების ორგანიზებით აქცია ცესკოსთან დაიწყო და მსვლელობით გაგრძელდა.
აქციის ორგანიზატორები არიან “კოალიცია ცვლილებებისთვის”,”ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის”, “გახარია საქართველოსთვის” და “კოალიცია ძლიერი საქართველოს” ქალი პოლიტიკოსები.
ისინი 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ ცესკოში განცხადების დატოვება სურთ, რის საფუძველზე ითხოვენ ახალ არჩევნებს, თუმცა ცესკოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელთაც აქციის მონაწილეები მოუწოდებენ, რომ შენობაში შეუშვან.
„26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა – საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ოპოზიციურმა პარტიებმა, მიიღეს რა, სრული ნდობა და მანდატი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, მათ ამ არჩევნებში გაიმარჯვეს.
დღეს ცესკოს მიმდებარედ ჩვენი, ქალების აქცია არ არის შემთხვევითი. დღეს გაყალბების მთავარ ბუდეში მზადდება დოკუმენტი, ე.წ. შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არის ჩვენი შვილების მომავლის ჩახერგვის გზა. ამ დოკუმენტს ამზადებენ კრემლის დაკვეთითა და მითითებით, რათა გააფორმონ ისეთი პროცენტები და ისეთი არალეგიტიმური პროცესი ქვეყანაში, რომ მიიტაცონ არა მხოლოდ ხელისუფლება შემდეგი 4 წლით, არამედ ზოგადად ქვეყანაში არჩევნების იდეა მოსპონ.
ამიტომაც, ჩვენ, ქალები, როგორც დედები, განსაკუთრებულად ვხედავთ ერთ მთავარ საფრთხეს, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება დაიცალოს ჩვენი შვილებისგან და ახდეს კრემლის მთავარი ოცნება – საქართველო ქართველების გარეშე“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა დეა მეტრეველმა.