აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ვეტერანი სამხედრო პიტ ჰეგსეტი დაასახელა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალი დირექტორის პოსტზე წარდგენილია ჯონ რეტკლიფი — ტეხასის ყოფილი კონგრესმენი და ტრამპის ეროვნული დაზვერვის დირექტორი.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი კრისტი ნოემი უხელმძღვანელებს.
ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციაში იქმნება ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი და რესპუბლიკური პრაიმერის კანდიდატი, ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ.
ტრამპის თანახმად, ეს ორი ადამიანი ერთად „დაანგრევს სამთავრობო ბიუროკრატიას… შეამცირებს უსარგებლო ხარჯებს“ და შეიძლება იყოს „ჩვენი დროის მანჰეტენის პროექტი“. მანჰეტენის პროექტი ეწოდება აშშ-ის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამას 1940-იან წლებში.
ტრამპმა აშშ-ის ელჩად ისრაელში არკანზასის ყოფილი გუბერნატორი და ბაპტისტი პასტორი მაიკ ჰაკაბი წარადგინა.
„მას უყვარს ისრაელი და ისრაელის ხალხი, ისევე როგორც ისრაელის ხალხს უყვარს იგი. მაიკი დაუღალავად იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის“, — განაცხადა ტრამპმა.
მაიკ ჰაკაბი არის არკანზასის მოქმედი გუბერნატორის სარა ჰაკაბი სანდერსის მამა. სარა ჰაკაბი სანდერსი ტრამპის თეთრი სახლის პრესმდივანი იყო.
ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენლად ტრამპი უძრავი ქონების დეველოპერ სტივ ვიტკოფს ნიშნავს. ვიტკოფი არის არჩეული პრეზიდენტის ახლო მეგობარი, მისი კამპანიის მთავარი დონორი და მისი დიდი ხნის პარტნიორი გოლფში.
მანამდე დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად – კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.
„მაიკი მხარს უჭერს ჩემს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგს და მშვიდობის სიძლიერით მიღწევის საქმესაც კარგად გაართმევს თავს“, – განაცხადა ტრამპმა.