საზოგადოება

ბორელი: საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ კანდიდატად ისევ ჩაითვალოს

12 ნოემბერი, 2024 •
ბორელი: საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ კანდიდატად ისევ ჩაითვალოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს სერიოზული ცვლილებები სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიიჩნეოდეს.

ამის შესახებ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს, Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან თქვა, რომ ვერ ხედავს რაიმე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის.

„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ჩართული არიან ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ. საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ გახდნენ ევროკავშირის წევრები, უნდა შეცვალონ დამტკიცებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები და დაუბრუნდნენ [ევროინტეგრაციის] გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები იმისთვის, რომ თუნდაც ევროკავშირის კანდიდატად ისევ ჩაითვალონ“, — განაცხადა ბორელმა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ევროკომისია რეკომენდაციას არ უწევს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, ვიდრე არ გაუქმდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონები და მთავრობა არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი