„ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი!“ — ამ სათაურით ქვეყნდება სლოვაკეთიდან საქართველოს მიმართ მხარდამჭერი წერილი, რომელსაც 110 ხელმომწერი ჰყავს სლოვაკეთის საჯარო ფიგურებიდან.
100-ზე მეტი სლოვაკი საჯარო ფიგურა, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთი ყოფილი დიპლომატი, ადამიანები კულტურის სფეროდან და სამოქალაქო სექტორიდან, გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე დარღვევების გამოძიებას მოითხოვს.
„საქართველოს ბრძოლა თავისი მომავლისთვის არის ევროპის მომავლისთვისაც და 21-ე საუკუნის ნამდვილი დემოკრატიისთვის ბრძოლაც. უკრაინელებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული აგრესიისგან იცავენ თავს, თუ კიდევ სადმე არის განსხეულებული დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის სიმტკიცე, ეს თქვენშია — საქართველოს ასობით ათას მოქალაქეში, ვინც არ ეგუებით დემოკრატიის წართმევას, რისთვისაც წარსულში იბრძოდით და დიდი მსხვერპლიც გაიღეთ.
თქვენ ხართ შთაგონება და სტიმული მთელი მსოფლიოსთვის. დემოკრატიული მიღწევების წართმევის მცდელობა, კონსტიტუციური მმართველობისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა ჩვენს ქვეყანაში, სლოვაკეთშიც გვტკივა. ამიტომაა, რომ მთელი გულით და დაძაბულობით გვესმის და ვიზიარებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენ ყველა თქვენ გვერდით ვდგავართ, თქვენთან ვართ და გისურვებთ ურყევ სიმტკიცეს, გამძლეობასა და ენერგიას. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, — ნათქვამია სლოვაკების წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ხელმომწერები კარგად იცნობენ საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აფასებს, საქმის კურსში არიან მოსყიდვების, კარუსელის, ხმის ფარულობის დარღვევის, პროცესზე კონტროლისა და სხვა დარღვევების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, „აგრესიული მამაკაცების თავმოყრა“ საარჩევნო უბნების სიახლოვეს. ინფორმირებულები არიან ასევე წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, რომელიც მოიცავდა მმართველი პარტიის მხრიდან ომით, სამსახურებისა და სოციალური ბენეფიტების დაკარგვით დაშინებას, რაც განსაკუთრებით მოწყვლადი და ღარიბი ამომრჩევლების მიმართ იყო ეფექტური.
ავტორები ამბობენ იმასაც, რომ სოლიდარული არიან ქართველების მიმართ ბრძოლაში ძალასთან, რომელიც ცდილობს ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზიდან გადაახვევინოს. მხარს უჭერენ არჩევნების გამოძიების მოთხოვნას, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს არჩევნებით ქართველი ხალხის ნამდვილი ნების გამოვლენა.
სლოვაკეთი ბოლო წლებში განიხილება, როგორც მზარდად ტოქსიკური პოლიტიკური კლიმატის მქონე ქვეყანა. წელს სლოვაკეთის პოპულისტ-ნაციონალისტი და პრორუსი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობამ კიდევ უფრო გაზარდა საფრთხე, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია მეტად გაღრმავდეს.
ფიცოს პოლიტიკური კარიერა კომუნისტური პარტიიდან დაიწყო. მას ისიც აქვს ნათქვამი, რომ თუ ოდესმე პუტინი სლოვაკეთში ჩავა, ის რუსეთის პრეზიდენტის დასაკავებლად გაცემული საერთაშორისო ორდერის აღსრულების უფლებას არავის მისცემს. ფიცო ასევე უნგრეთის პრეზიდენტ ორბანის მოკავშირეა. მისი კრიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ფიცო სლოვაკეთის პროდასავლური კურსიდან უხვევს და სწორედ ორბანის გზას მიჰყვება. ათასობით ადამიანი აპროტესტებდა ფიცოს პოლიტიკას სლოვაკეთის დედაქალაქსა და სხვა დასახლებებში.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, Freedom House, საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან სლოვაკეთში მზარდ ზეწოლაზე მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ.
სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირე იყო, სანამ ხელისუფლებაში ფიცო მოვიდოდა 2023 წლის ოქტომბერში. პრეზიდენტად პელეგრინის არჩევის შემდეგ, სლოვაკეთის სახით უკრაინამ დანამდვილებით დაკარგა მხარდამჭერი.