მანდატურებს თავიანთი პრესსამსახური ჰყავთ _ კითხვებზე პასუხისთვის იქ გამისამართებენ. თუმცა, პასუხს ვერც პრესსამსახურში იღებ. მანდატურები საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან
რაც შეეხებათ მოსწავლეებს, მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უფროსკლასელები მიიჩნევენ, რომ მანდატურების საჭიროება სკოლებში არ იყო. “დილით ერთი სული აქვთ, უფორმოდ დაგინახონ, რომ სამუშაო შეასრულონ _ სახლში დაგაბრუნონ. შენიშვნები მათი სტიქიაა” _ ამბობს მე-2 სკოლის მოსწავლე დათო ბარაბაძე (მოსწავლის ჩაცმის სტილი მანდატურის კომპეტენციაში არ შედის). “არაფერს არ აშავებენ და იყვნენ რა, გჭირდება-არ გჭირდება, მათ მზერას გრძნობ”, _ ამბობს თათია ბერიძე.
შედარებით პატარები, მე-6-7-კლასელები მანდატურების კმაყოფილნი არიან: “ბევრ რამეში გვეხმარებიან. პირველ სართულზე არიან და ხშირად ვაკითხვათ”.
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, მანდატური იმისთვის არ მუშაობს სკოლაში, რომ ვინმე დასაჯოს, მისი ფუნქციაა შიდა განაწესის კონტროლი. გარდა ამისა, არსებობს ეთიკის საკითხებიც _ მასწავლებელს არ უნდა ეწყინოს, თუ მანდატური სთხოვს, რომ მოსწავლეების თანდასწრებით სიგარეტი არ მოწიოს. მანდატურის კომპეტენციაში შედის სკოლაში მოსწავლეთა დასწრების კონტროლიც. მანდატურები ოქმში აღრიცხავენ იმ დარღვევებს, რომლებსაც აფიქსირებენ. ოქმი სამ ეგზემპლარად იწერება: ერთი დირექტორს გადაეცემა, მეორე სამინისტროს, მესამე კი მანდატურთან რჩება.
ვინაიდან მანდატურს არ აქვს დასჯის უფლება, ის ოქმს დირექტორს გადასცემს და მას სთხოვს, დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ხოლო თუ დირექტორი რეაგირებას არ მოახდენს, ამ შემთხვევაში საქმეში სამინისტრო ჩაერთვება.
გრაფიკის მიხედვით, მანდატურები მუშაობას სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ასრულებენ. მაგრამ არც ერთი მანდატური სკოლას მანამდე არ დატოვებს, სანამ იქ ერთი ბავშვი მაინც იმყოფება.
იმ შემთხვევაში, თუ მანდატურთა მხრიდან რამე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირებას სამინისტროში არსებული გენერალური ინსპექცია მოახდენს; შექმნილია მანდატურების კონტროლის ჯგუფიც. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მანდატურის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოამზადეს. ბავშვის ფსიქოლოგიის შესასწავლად მათთვის სამკვირიანი მომზადება საკმარისი აღმოჩნდა.
რაც შეეხება სამტრედიის სპეცსკოლას, სამინისტროს ინფორმაციით, იქ ისწავლიან ძნელად დასამორჩილებელი ბავშვები, “რომელთა გამო ასობით მოსწავლე ზარალდება და სასწავლო პროცესი იშლება. ასეთი ბავშვის გარიცხვას და ქუჩაში დატოვებას, ჯობია მან ისწავლოს სპეცსკოლაში, სადაც მასთან ფსიქოლოგები იმუშავებენ. მშობლის თანხმობის გარეშე სამტრედიის სპეცსკოლაში მოსწავლე არ გადაჰყავთ”.