გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუცია განიხილეს. გერმანელი დეპუტატები რეზოლუციით ითხოვენ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას. რეზოლუციის ავტორები და მხარდამჭერები იზიარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მმართველობის სტილი ავტორიტარულია და ქვეყნის შუაზე გაყოფას უწყობს ხელს.
გერმანიის სამთავრობო ფრაქციების რეზოლუციის პროექტში ოლიგარქადაა მოხსენებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც „ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლა დგას“.
გერმანიის ბუნდესტაგში სერიოზულ შეცდომად მიაჩნიათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღება და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ კანონით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ და არ იქნება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სულისკვეთებით რუსულ კანონს ჰგავს და შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ტექსტში ასევე საუბარია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, თუმცა პოლიტიკოსები ამ ნაბიჯის წინააღმდეგნი არიან და ამბობენ, რომ მთავრობის გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.
რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოვიდა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, მერლე შპელერბერგი, რომელმაც “ქართულ ოცნებას” ავტორიტარული უწოდა და პარლამენტის წევრებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
” ძვირფასო ქართველებო, თქვენ დიდი მაგალითი გაქვთ. ქალი ევროკავშირის დროშით, რომელსაც წყლის ჭავლს ასხამდნენ, მაგრამ დროშის ქნევას არ წყვეტდა. მის დასახმარებლად უამრავი დემონსტრანტი მივიდა და ბოლომდე ცდილობდნენ, ქალს წონასწორობის შეკავებაში დახმარებოდნენ. და იდგნენ ერთად, სანამ ჭავლმა მიწაზე არ დაყარა. სწორედ ეს ხალხია, ვინც ქვეყნის და მის ევროპულ მომავალზე ზრუნავს. დემონსტრანტები თვეების განმავლობაში დიდი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. ეს ხალხი იცავდა დემოკრატიას, ადამიანების უფლებებს და ევროპულ მომავალს. საქართველოს მთავრობამ სრულიად მიუღებელი ახალი კანონი მიიღო, რომელიც “ლგბტ” უფლებებს და ზოგადად ადამიანების უფლებებს ზღუდავს”.
შპელერბერგმა ბუნდესტაგს მიმართა:
“ძვირფასო კოლეგებო, საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. უკვე ორი წელია მისი [მთავრობის] პოლიტიკა რუსულს ჰგავს. ჩვენი რეზოლუცია სწორედ იმის შესახებაა, რომ საქართველოს პარლამენტი დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდეს. საქართველოს ჯერჯერობით აღარ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. ცხადია, ეს ვერ მოხდება, როდესაც ქვეყანაში “ანტი -ნჯო” და “ანტი-ლგბტ” კანონები არსებობს. ჩვენ ვდგავართ საქართველოსა და მისი ცივილიზებული მომავლის მხარეს, სადაც ის დემოკრატიული და არა ავტორიტარული იქნება. ჩვენ ვდგავართ დემონსტრაციებზე დაზარალებული ადამიანების და “ლგბტ” ადამიანების უფლებების დასაცავად. “ქართული ოცნება” ავტორიტარულია, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა ქართველების და დემონსტრანტების უფლებების დაცვა”.
განხილვისას სიტყვით გამოვიდა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როტი, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი უწოდა:
“2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მას ქვეყნის 20 პროცენტი სრულად ოკუპირებული აქვს. ეს კონფლიქტი დღემდე მიმდინარეობს, ის არსად გამქრალა. რამდენ ჩვენგანს ჰქონდა ბოლო წლებში ამ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა? რა არის ევროპა? ევროპას ადამიანები ზოგჯერ მხოლოდ ბიუროკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას უკავშირებენ, თუმცა რეალურად რა არის ევროპა? ამის სანახავად ყველას საქართველოში მოგზაურობისკენ მოგიწოდებთ. თავისუფლება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა! ქართველები ახლა იმ უფლებებისთვის იბრძვიან, რაც ევროპისთვის თვითმყოფადი გახდა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ “თბილისი ევროპის დედაქალაქია”. ამ ქალაქში განსაკუთრებით ახალგაზრდები კვირების განმავლობაში იდგნენ ქუჩებში, რომ მთელი სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი, მდიდარი ოლიგარქისთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყნის ოლიგარქიზაცია საქართველოს მომავალი ვერ იქნება. მე ასე ვყოფ: მოსახლეობა და მთავრობა. “ქართული ოცნება” თავიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია, ახლა კი პოლიტიკურ კოშმარად იქცა. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია. 26 ოქტომბერს ქართველებს აქვთ ძალიან კონკრეტული არჩევანი: ევროპა, ან რაღაც პატარა ადგილი ევროპასთან, აირჩიონ დემოკრატია ან ავტორიტარიზმი, თავისუფლება, ან რუსიფიკაცია”.
საუბრის ბოლოს მიხაელ როტმა ბუნდესტაგს და ქართველებს ქართულ ენაზე მიმართა და განაცხადა: “საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია.”
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ულტრამემარჯვენე და პრორუსულმა პარტიამ ” ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელმაც ბუნდესტაგის რეზოლუციას საკუთარი ვერსია დაუპირისპირა, ასევე, ქრისტიან-დემოკრატებმა, თუმცა მათმა წარმომადგენელმა კნუტ აბრაჰამმა განმარტა, რომ რეზოლუციის სულისკვეთებას იზიარებს. მისი თქმით, მისმა ფრაქციამ რეზოლუციას მხარი მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირა, რომ სამთავრობო პარტიებმა რეზოლუციის საკითხები მათთან წინასწარ არ განიხილეს. კნუტ აბრაჰამი ბუნდესტაგში მეორე გამომსვლელი იყო. მისი თქმით, საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ ცივილიზებული სამყაროს და ევროკავშირის ნაწილი იყოს:
“ვისაც აინტერესებს, საქართველო როგორი ქვეყანაა, მე მოგიყვებით ოცი წლის წინანდელ ამბავს, როდესაც იმდენად საშინლად ვიფრინე საქართველომდე, ვფიქრობდი, იყო თუ არა ეს ქვეყანა ევროპა. და დავსვი კითხვა, აქვს თუ არა პოტენციალი ამ ქვეყანას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ევროკავშირის ნაწილი იყოს. ცხადია, აქ არ ვიდგებოდი, ამ კითხვაზე პასუხი რომ არ მქონდეს. ძვირფასო კოლეგებო, საქართველო ეკუთვნის ევროპას. თავისი უძველესი ტრადიციებით, რელიგიით, თავისი გეოსტრატეგიული განლაგებითა და შესანიშნავი ადამიანებით. ასევე ხაზს გავუსვამ გერმანიის და საქართველოს დიდ მეგობრობას. ჩვენი ისტორია ბევრად ადრე იწყება: 1817 წლიდან გერმანელი ემიგრანტი ჩავიდა საქართველოში და შექმნა სოფელი, სადაც საუკეთესო ღვინოს აწარმოებდა. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა: გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. გერმანულმა საკონსულოებმა საქართველოსთვის კარი გააღო. ჩვენი მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ჩვენს პრეზიდენტებს ქართველ მმართველებთან პერსონალური და საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდათ. ამჯერად ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს. ამ ქვეყანაში ადამიანებს უნდათ ევროპა, მას ჰყავს ბოროტი მეზობელი, რომელსაც აფხაზეთი და ოსეთი აქვს ოკუპირებულ და გასაგებია, რომ მის ინტერესებში არ შედის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მთავრობის მიერ მიღებული ე.წ. “აგენტების კანონი” და ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. 26 ოქტომბერი უნდა იყოს თავისუფლების გზა, შემავიწროებელი და მოძალადე კანონები უნდა გაქრეს!”
რეზოლუციის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცა “სარა ვაგენკნეხტის” პრორუსულმა პარტიამ, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა პარტიამ Die-linke.