საზოგადოება

ქარიშხალმა “მილტონმა” ფლორიდაში 2,6 მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

10 ოქტომბერი, 2024 •
ქარიშხალმა “მილტონმა” ფლორიდაში 2,6 მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ფლორიდის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ შტატის ცენტრალურ ნაწილში “სიცოცხლისთვის საშიში ქარიშხალი, ექსტრემალური ქარი და წყალდიდობაა”.

როგორც აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი (US National Hurricane Center) ამბობს, “უკიდურესად საშიში” მესამე კატეგორიის ქარიშხალი სახელად მილტონი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მათ შორის, რაც ჩრდილო-ატლანტიკაში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.

NHC-ის ცნობით, მილტონმა ფლორიდამდე ოთხშაბათს, 20:30 საათზე მიაღწია. 185 კმ/სთ-მდე სიჩქარის ქარიშხალმა მთელი ღამის განმავლობაში შტატს შემოუარა და ხუთშაბათს ფლორიდის ცენტრამდე მიაღწია. ოთხშაბათს ღამით ქარიშხალმა 2,6 მილიონზე მეტი სახლი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ მიღებული აქვს ცნობები სახლების დანგრევის შესახებ, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სინოპტიკოსები ფლორიდის მოსახლეობას ჯერ კიდევ აფრთხილებენ კოკისპირულ წვიმის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და შესაძლო შტორმების შესახებ, რადგან ქარიშხალი ხმელეთიდან ოკეანისკენ გადაინაცვლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი