„ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“, — თქვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ღონისძიებაზე, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიიწვიეს. გერმანიის საელჩომ დღეს, 8 ოქტომბერს, გამოაქვეყნა ელჩის სრული სიტყვა, სადაც იგი საქართველოს აფრთხილებს ევროკავშირში გაწევრიანების შანსის დაკარგვის შესახებ:

„წელს შეამჩნევდით: ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი, არც საქართველოს პარლამენტის წევრი და არც ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების არჩევნები. ჩვენ არავითარი წილი არ გვაქვს ამაში. ქართველებს ვეტყვი: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორ გინდათ, რომ გმართონ და ქვეყნების რომელ ჯგუფს გსურთ მიეკუთვნებოდეთ. ევროკავშირის კარი ღიაა“.

მან გაიხსენა, რომ გასულ წელს გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელმაც შეაქო გერმანიასთან და ევროკავშირთან პარტნიორობის ღირებულება და ხარისხი.

„მე დავეთანხმე, მაგრამ ასევე გავაფრთხილე საქართველოს მიერ ევროპასთან ისტორიული rendez-vouz-ის (პაემანი, შეხვედრა) გამოტოვების რისკის შესახებ. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, მე ვიდექი თავისუფლების მოედნის სცენაზე, უამრავი ხალხის წინაშე. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ოჰ, როგორ შეიცვალა დრო. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო“, — განაცხადა ფიშერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლიბერალური დემოკრატიები გულისხმობენ არჩევანის თავისუფლებას, წინსვლას და ღია საზოგადოებას, ეს კი ხდება ისტორიის, ტრადიციისა და ღირებულებების გამოცდილების საფუძველზე, რწმენის ჩათვლით. აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ბლოკის ყველა კანონმდებლობის დანერგვას.

„როცა ამას აკეთებ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონია, შენ წევრი ხარ. ძალიან ადვილი გასაგებია. და გთხოვთ, დამიჯერეთ: ეს ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვწყვეტთ, ვინ და როდის შეუერთდება ბლოკს. კანდიდატები არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. როგორც მეგობარმა, უნდა გითხრათ: თქვენ რისკავთ, ხელიდან გაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და ბოლო 30 წლის პრივილეგირებული პარტნიორობა. თქვენ გადაწყვიტეთ. პირად შეხედულებას დავამატებ: არ გეგონოთ, რომ თუ ზურგს შეგვაქცევთ, ჩვენ უკან გამოგედევნებით და დაბრუნებას შეგევედრებით“, — თქვა ელჩმა.

პიტერ ფიშერის ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის — სულ უფრო მეტი ადამიანი განწყობილია ეგოისტურად, არ აინტერესებს საერთაშორისო თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოება და ფიქრობენ: ევროკავშირში საკმარისი პრობლემები გვაქვს, სხვა არ გვჭირდება“.

„ევროკავშირი იყო ფუნდამენტური საფუძველი ჩვენი მშვიდობიანი ერთობისთვის. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად ვცხოვრობთ, რაც წარმოუდგენელი იყო ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა“, — განაცხადა ელჩმა თავის სიტყვაში.

მან ისაუბრა ქართულ-გერმანული მეგობრობის შესახებაც და თქვა, რომ 30 -წლიანი პარტნიორობა ყოველთვის ეფუძნებოდა ქართველების სურვილს, ჰქონოდათ დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.