საზოგადოება

კობახიძე საქართველოს პირველი პრემიერია, ვინც გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი არ ახსენა

26 სექტემბერი, 2024 •
კობახიძე საქართველოს პირველი პრემიერია, ვინც გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი არ ახსენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამჯერ გამოვიდა სიტყვით და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა გაეროს გენერალურ დებატებზე წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთისთვის გვერდის ავლა მოახერხა. როგორც წესი, მსოფლიო ლიდერები გაეროს უმაღლესი ტრიბუნას თავიანთი ქვეყნის ინტერესებზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად იყენებენ. თუმცა ირაკლი კობახიძეს არც უკრაინის ომზე და არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრისას აგრესიის ავტორი — რუსეთის ფედერაცია — არც უხსენებია.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა სამ ღონისძიებაზე: „მომავლის სამიტზე“, უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე და გენერალურ დებატებზე.

სამივე გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. პრემიერმა დააფიქსირა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს:

„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენს ქვეყანაში“.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიების 20%-ის არალეგალური ოკუპაციისა, საქართველო აგრძელებს განვითარებას და უკეთესი ქვეყნის შენებას.

„ქართული ოცნება“, არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში, მოსკოვის მიმართ მწვავე რიტორიკით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთს გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზეც კი არ ახსენებს. წინა ხელისუფლების დროს გაეროს ტრიბუნიდან რუსეთზე აქტიურად საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი. 2014-2023 წლებში, გაეროს გენერალური ასამბლეაზე საქართველოს წარმოადგენდნენ პრემიერ-მინისტრები: ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ერთხელ კი (2019 წელს), გამონაკლისის სახით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თითოეული მათგანი ხაზს უსვამდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვზე ზეწოლისკენ მოუწოდებდა.

ჩამოშალეთ: გაეროში გამომსვლელები რუსეთზე, 2014-2023 წწ
  1. 2023 წელი, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე: „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.  მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“;
  2. 2022 წელი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე: „2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად . უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“;
  3. 2021 წელი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე: „დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით — დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია. რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს“;
  4. 2020 წელი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე: „საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე — რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე“;
  5. 2019 წელი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე: „სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთებაიყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე,— იმ ომისა, რომელსაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოჰყვა“;
  6. 2018 წელი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე: 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან!
  7. 2017 წელი, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე: გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას. საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.
  8. 2016 წელი, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე: მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო. ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება.
  9. 2015 წელი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე: „მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ამის ტრაგიკული შედეგი კი ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს… რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
  10. 2014 წელი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე: „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების — მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების — ხორცშესხმაში“.

„ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენს ხალხს. შედეგად, ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა.

„პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენს ხალხს და ვიბრუნებთ ღირსებას“ | კობახიძის სიტყვა გაეროში

მასალების გადაბეჭდვის წესი