„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ცნობით, ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ნარგიზა ჭავჭანიძე ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში დესპანს არ აუსახავს 2024 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში.
ამასთან, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცა კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ნარგიზა ჭავჭანიძე.
დესპანის ოჯახს უკავშირდება საგარეჯოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შეუსრულებელი ვალდებულებაც — სახელმწიფომ 111 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი სწორედ ამ მიზნით გადასცა კომპანიას, რომლის 20%-ს ფლობს მიხეილ თიგიშვილის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი.
წიაღისეულის მოპოვება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თანახმად, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია „დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა, რის საფუძველზეც ლიცენზიანტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე, 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა.
„ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე მოწყობილ ხიდის საძირკვლებს/საყრდენ ბურჯებს საფუძველი გამოეცალა და ასევე, საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ „დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში, 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს. ხსენებული დაზიანებული ხიდის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს 958,325 ლარი დახარჯა, რაც დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ თიგიშვილი მისი მეუღლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.
კავშირები საგარეჯოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მომწყობ კომპანიასთან
TI-საქართველოს თანახმად, თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია „ასი გრუპ ჯორჯია”, რომლის 20% წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს.
მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, სწორედ ამ კომპანიას დაევალა 1,117,450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაიწია, მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპანიას შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა მოეწყო, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული.
„ასი გრუპ ჯორჯია”, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია „ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან”, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია. კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული:
„ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიამ” 2022 წელს აუქციონზე, უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი „მედეა” თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა.
ლიცენზია „ალტ ინფოსთან” დაკავშირებული პირებისთვის
კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც 14-წლიანი ლიცენზია მისცა სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“, არის „ფორვარდ მაინინგი“. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა არის ეგვიპტეში საქართველოს დესპანის, მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორი შპს „აიდი გლობალში“. „ფორვარდ მაინინგმა” უფლება მიიღო, 114,595 კუბური მეტრი ბაზალტი მოიპოვოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ილია ცანავა, ამავდროულად, 2014 წლიდან არის „ალტ-ინფოს“ ლიდერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშიასა და მისი მამიდის, ციალა მორგოშიას, ბიზნესპარტნიორი „გრანდე გრუპ ჯორჯიაში”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ზოგადი პასუხით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ მიხეილ თიგიშვილი, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, კანონით განსაზღვრულ ვადებში, რეგულარულად ავსებს დეკლარაციას თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
„ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის დეკლარაციებში ასახულია მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობა და აღნიშნული დოკუმენტები საჯაროა“, — აცხადებენ უწყებაში.
