„იმედს მაძლევთ, როცა მეუბნებით, რომ უმრავლესობას სწორი რამის გაკეთება სურს. [..] თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშორონ არამზადები და მოიპოვონ თავიანთი მომავლის კონტროლი. ვილოცებთ თქვენთვის“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე.
რიშის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი რეპლიკა, რომ აშშ-ში არ ესმით, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და „როგორც ჩანს, არის რუსული რეპრესიების მხარდამჭერი მნიშვნელოვანი მოძრაობა“.
მან საქართველო შეადარა ბალტიის ქვეყნებს, რომლებსაც „ არ უნდათ, რუსეთთან რამე საერთო ჰქონდეთ“. მან ეკა გიგაურს სთხოვა, აეხსნა, რატომ არის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მხარდაჭერა მაღალი.
გიგაურმა უპასუხა, რომ საქართველოში უმრავლესობა, დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის მიუხედავად, მხარს უჭერს დასავლურ კურსს. მან აღნიშნა, რომ მთავრობა ანტიდასავლური დეზინფორმაციით ცდილობს გააჩინოს ხალხში კითხვა, „გვინდა კი დასავლეთი?“.