საზოგადოება

Washington Post-ის სარედაქციო სტატია “საგანგაშო ცნობებზე საქართველოდან”

11 სექტემბერი, 2024 •
Washington Post-ის სარედაქციო სტატია “საგანგაშო ცნობებზე საქართველოდან”

გავლენიანი ამერიკული გაზეთი, „ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი გაზეთის სარედაქციო კოლეგიაა.

მასალაში ისინი აშშ-ს მოუწოდებენ, უფრო მეტად იმოქმედონ საქართველოში დემოკრატიის დასაცავად.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ.


პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. ამიტომაა, რომ ბოლო ცნობები სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოდან განგაშს იწვევს. ავტორიტარული და პრორუსული მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს, თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მიიღებს. შეიძლება, ეს ბოლო ზარი იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის. აშშ-ს მის გადასარჩენად მეტის გაკეთება შეუძლია.

სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მისი მოსახლეობა ევროპასთან კავშირისა და დემოკრატიული მომავლის ერთგული რჩება, „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად. სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პატარა ლიბერალური პარტიიდანაა [ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყარა კენჭი, თუმცა „ოცნების“ მხარდაჭერით სარგებლობდა – მთარგმ.] და კრიტიკულადაა განწყობილი „ოცნების“ მიმართ, წინა თვის გამოსვლაში ამბობდა, რომ არჩევნებზე „ეგზისტენციალური“ საკითხებია დამოკიდებული.

„არჩევანი იქნება რუსეთის მონობას ან ევროპასთან თანამშრობლობას შორის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როცა „ქართული ოცნება“ შეეცადა, გაეტანა რეპრესიული „უცხოეთის აგენტების“ კანონი – კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ [ანალოგიურ] კანონებს – საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ ის, რასაც „რუსული კანონი“ დაუძახეს. წინა რიგებში ახალგაზრდები იდგნენ.

საბოლოო ჯამში, „ოცნებამ“ თავისი გაიტანა – დაძლია პრეზიდენტის ვეტო და კანონი ძალაში შევიდა. კანონის მიხედვით, ნებისმიერი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს – ასეთი საქართველოში დაახლოებით 10 000 არაკომერციული ორგანიზაცია – უნდა დარეგისტრირდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში, რომელიც ამბობს, რომ ისინი არიან „ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ უცხო ძალის ინტერესებს“.

ზოგი კანონს არ ემორჩილება და სერიოზული ჯარიმის დაკისრებით რისკავს. კანონი სასამართლოშიცაა გასაჩივრებული. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავსი კანონები გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციისთვის და მათი დაფინანსების გადასაკეტად. ევროკავშირმა და აშშ-მა განაცხადეს, რომ ეს კანონი სერიოზული წინაღობაა მომავალში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის. ეჭვგარეშეა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომაც უჭერს კანონს მხარს „ქართული ოცნება“ და მისი რუსი მხარდამჭერები.

ბოლო გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაიმუქრა, რომ თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, აკრძალავს ძირითად ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს. „რეალურად, ისინი ერთი პოლიტიკური ძალაა“, – განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს პარტია ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. მოქმედმა რეჟიმმა იგი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრა. ამჟამინდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში 2004-12 წლებში იყო.

ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ყოფილი პრემიერი, რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, ამბობს, რომ ოპოზიცია სახეა გლობალური შეთქმულებისა, რომელსაც საქართველოს კონტროლის ქვეშ აყვანა სურს. ეს იმეორებს ბატონი პუტინის პარანოიდულ გაფრთხილებებს დასავლეთის მიერ ინსპირირებულ „ფერად რევოლუციებზე“. პრემიერის ბოლო კომენტარები აჩვენებს, რომ „ოცნება“ ოპოზიციის გასანადგურებლად ემზადება. ბატონ კობახიძეს დეტალურად არ უთქვამს, ეს როგორ მოხდება, მაგრამ მიანიშნა, რომ მმართველი პარტია იტყვის, რომ ოპოზიციამ, სააკაშვილის ლიდერობით, დანაშაულებრივად მოახდინა რუსეთის პროვოცირება 2008 წლის ომში.

ეს აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კვლავაც აქვს ოკუპირებული მისი ტერიტორიების 20%. „შესაძლოა, პროკურატურამ დაიწყოს კონკრეტული გამოძიება, რომელსაც ჩვენ დავაინიციირებთ, ან შეიძლება საპარლამენტო კომისიის ფორმირება“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ ამის შედეგად პარლამენტიდან ოპოზიციონერებს გაყრიან. „მიუღებელია, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალების დამნაშავე წარმომადგენლებმა შეინარჩუნონ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი“.

გამოკითხვები აჩვენებს: ქართველთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და დროა, „ოცნების“ მმართველობა შეიცვალოს. ეს გრძნობები განსაკუთრებით ძლიერია ახალგაზრდათა შორის, რომლებიც, როგორც გვეუბნებიან, არჩევნებზე აპირებენ მოხალისე დამკვირვებლად დარეგისტრირებას.

31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება „დაპაუზდებოდა“, „ანტიდემოკრატიული მოქმედებებისა და ყალბი განცხადებების“ პროტესტის ნიშნად. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ ბრიუსელმა შეაჩერა ეს პროცესი დემოკრატიიდან გადახვევის საპასუხოდ.

ეს ჭკვიანური და მოზომილი სანქციებია „ოცნების“ ავტორიტარული ტენდენციების საპასუხოდ. აშშ-მა უნდა გამოიყენოს არჩევნებამდე არსებული დრო და დაიცვას თავისუფალი არჩევნები, ხმათა სამართლიანი დათვლა და შედეგების პატივისცემა.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან და კონგრესისგან, რომ ისინი არ მოითმენენ ერთპარტიულ სახელმწიფოს საქართველოში. თუ აშშ დაუდევრად და გულგრილად იმოქმედებს, დემოკრატია შეიძლება დაიღუპოს პოსტსაბჭოთა სამყაროს კიდევ ერთ იმედისმომცემ კუთხეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი