საზოგადოება

რუსული კანონის გამო სამტრედიელი პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად შექმნილი საქველმოქმედო ფონდს ხურავს

30 აგვისტო, 2024 •
რუსული კანონის გამო სამტრედიელი პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად შექმნილი საქველმოქმედო ფონდს ხურავს

“მგონია, ოჯახის წევრი დავკარგე” – ამბობს კახა გალდავა, პედაგოგი, რომელიც საკუთარ მოსწავლეებთან ერთად საქველმოქმედო ფონდი შექმნა, თუმცა რუსული კანონის გამო მისი გაუქმება მოუწია.

“სიკეთის რევოლუცია” 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, შეშით, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახები ზამთრობით თბებოდნენ. სამომავლო გეგმებში შედიოდა საგანმანათლებლო პროექტები ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გაეზარდა.

თუმცა, ეს გეგმები საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა ჩაშალა. გუშინ, 29 აგვისტოს საჯარო რეესტრში ფონდის გაუქმების შესახებ შევიდა განცხადება. პროცედურისთვის კახა გალდავამ 208 ლარი გადაიხადა – “არადა ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით”.

როგორ შეიქმნა “სიკეთის რევოლუცია” და რას საქმიანობდა ის

კახა გალდავა სამტრედიის 1-ელ საჯარ სკოლაში ისტორიას ასწავლის. ფონდის დაარსების იდეა 2020 წლის შემოდგომაზე, მოსწავლეებთან საუბრისას გაუჩნდა. რამდენიმე თვეში იდეა სისრულეში მოიყვანეს და დაიწყეს “სიკეთის გავრცელება რევოლუციური ძალით”.

“ფონდი დავაფუძნეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა. იდეა გაჩნდა ძალიან სპონტანურად: სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როდესაც ქუჩაში დავინახე მოხუცი ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. როდესაც მივედი ჩემს აბიტურიენტებთან, დავიწუწუნე – ჩვენს რაიონში 12 000 ადამიანი ცხოვრობს, ყველამ თითო ლარი რომ გაიღოს, ადამიანს შვებას მოვუტანთ-მეთქი. ბავშვებმა თქვეს, მოდი დავაარსოთ ფონდიო. იმ წუთას მოვიფიქრეთ სახელი. რამდენიმე ვერსია იყო და “სიკეთის რევოლუცია” შევარჩიეთ. როგორც რევოლუცია მოედება საზოგადოების ფართო მასებს, გადაედება ადამიანიდან ადამიანს და იწვევს ცვლილებებს, ასე სიკეთით გამოვიწვიოთ ცვლილებებიო – ეს იყო იდეა. 2 თვე დაგვჭირდა რეგისტრაციის პროცედურების გასავლელად და დავიწყეთ და დავიწყეთ”, – გვიყვება კახა.

რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დაფუძნებულ ფონდში მალე მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო – დაიხმარეს სხვა მოსწავლეები, მასწავლებლები და თანდათან საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვეს. სამი წლის განმავლობაში გარდა მშობლიური სამტრედიისა, იყვნენ წეროვანში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ბათუმში, თბილისში –  ყველგან, სადაც ვინმეს დახმარება შეეძლოთ.

“ჩემთვის ეს ფონდი იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და ბევრ რამეს სწავლობდნენ: ინიციატივების აღებას, სოციალური უნარების განვითარებას, სხვისი პერსპექტივიდან დანახვას, მეწარეობის საფუძვლებს, ორგანიზებას – რა იყიდოს, როგორ იყიდოს, როგორ დაახარისხოს, რაში დახარჯოს ფული უფრო ნაყოფიერად, ფასდაკლებების მიხევდით ვყიდულობდით რაღაცებს, რომ მეტი ფული დაგვეზოგა და სხვა უამრავ რამეს”, – ამბობს პედაგოგი.

როგორც კახა ჰყვება, დახმარების საჭიროების შესახებ მას ფონდის ფეისბუქ გვერდზე წერდნენ. შემდეგ, საკუთარ მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრავდა, ვის სჭირდებოდა მხარდაჭერა უფრო სწრაფად, ვიდრე სხვებს და იწყებოდა ორგანიზების პროცესი.

სამტრედიის მართლმადიდებელი სკოლის მოსწავლეებს “სიკეთის რევოლუციის” ბენეფიციარის ოჯახში პროდუქტები მიაქვთ

“თვეში 1200-2000 ლარს ვაგროვებდით, რითაც 3-5 ოჯახის დახმარებას ვახერხებდით. ზოგჯერ მეტთანაც. მაგალითად, ახალი წლის, აღდგომის, შობის დღეები 10-12 ოჯახთანაც მივსულვართ. იმიტომ, რომ ამ დღეებში გაცილებით მეტი შემოწირულება იკრიბებოდა. თუმცა, გააჩნია შემთხვევას – შეიძლება მთელი თანხა ერთი ოჯახზე დაგვეხარჯა, ან 10-ზე გადაგვენაწილებინა.

შევიმუშავეთ კალათა, რა უნდა გვეყიდა თითო ოჯახისთვის – 300 ლარის პროდუქტი იყო თითოეულ კალათაში, სადაც იყო ყველაფერი: ხორციდან დაწყებული, საპირფარეშოს ქაღალდით დასრულებული, რაც შეიძლება დასჭირვებოდა ოჯახს.გარდა პროდუქტისა, გვიყიდია სარეცხო მანქანა, მაცივარი, გაზქურა, სხვა ტექნიკა – რა საჭიროებაც ჰქონდა ოჯახს. ვიღაცას სახლი დაეწვა და მთელი საოჯახო ტექნიკა ვუყიდეთ. ტანსაცმელებს ვაგროვებდით, ვახარისხებდით.

ოღონდ, ამას მარტო მე არ ვაკეთებდი. ჩემი მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები მოხალისეობრივად: ფონდის ფეისბუქგვერდზე როდესაც განაცხადი შემოვიდოდა, დახმარების თხოვნის შესახებ, ერთად გადავარჩევდით, ვის უფრო სწრაფად სჭირდებოდა ჩვენი დახმარება. ომის პერიოდში, უკრაინაში გავაგზავნეთ ძალიან დიდ ტვირთი ტანსაცმელების და სხვადასხვა, საოჯახო პროდუქტების, იმისათვის, რომ დავხმარებოდით მეზობელ სახელმწიფოს. ვფიქრობ, რომ ბევრ კარგს საქმეს ვაკეთებდით.

100%-იანი დანახარჯით ვმუშაობდით. ერთი თეთრი საწვავის ფულიც კი არ დაგვიხარჯია შემოწირულებებიდან, ჩემი ჯიბიდან ვხარჯავდი ბენზინის ფულს.  რა თქმა უნდა, ფულს ხელით არ ვეხებოდით. ირიცხებოდა სამ სხვადასხვა ბანკში, მივდიოდით კონკრეტულ მაღაზიაში, ვყიდულობდით პროდუქტებს. თვეში ვახერხებდით 3-4 ოჯახთან მისვლას,”, – გვიყვება კახა.

კახა გალდავა მოსწავლეებთან ერთად ყიდულობს სარეცხი მანქანას სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში მცხოვრები მრავალშვილიანი დედისთვის

როგორ და ვისგან იღებდა ფონდი შემოწირულებებს

როგორც კახა გალდავა ამბობს, ფონდის სახელზე გახსნილი იყო ანგარიშის ნომრები სამ სხვადასხვა ბანკში, სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ანგარიში, ნაწილობრივ, ევროპაში მცხოვრები ქართველი და ევროპელი ადამიანების შემოწირულებებით ივსებოდა.

“საქართველოში, ძირითადად ჩემი მეგობრების იმედად იყო ფონდი. თუმცა, გვქონდა შემოწირულებები უცხოეთიდანაც. რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, პერიოდულად გვირიცხავდა თანხას – თვეში 100 ევრო იქნებოდა თუ რამდენსაც მოახერხებდნენ. არის ერთი შვედეთის მოქალაქე, რომელიც სრულიად შემთხვევით, საერთო მეგობრის დახმარებით გადააწყდა ჩვენი ფონდის გვერდს და გამოთქვა სურვილი, რომ 2-3 თვეში ერთხელ გამოეგზავნა გარკვეული თანხა, რომლითაც უშუალოდ ბავშვების საჭიროებებს მოხმარდებოდა.

გასულ წელს ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია, “ედკემპ ჯორჯია”, რომლის საორგანიზაციო საბჭოს წევრი ვიყავი. კონფერენციაზე მოწვეული გვყავდა გერმანელი სპიკერი, რომელსაც მოვუყევით ფონდის შესახებ. გერმანიაში მან რაღაც საქველმოქმედო საღამო ჩაატარა გერმანიაში და შემოსული თანხის ნაწილი გადმორიცხა ფონდში. კიდევ არის ქართველი გოგო, რომელსაც გერმანელი ქმარი ჰყავს, გერმანიის მოქალაქეა თვითონაც – ისიც დაგვეხმარა. ასეთი შემთხვევები გვაქვს, როცა უცხოეთიდან ხან ქართველები, ხან უცხოელები გვირიცხავდნენ თანხებს”, – ყვება გალდავა.

სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან შემოსული შემოწირულებების გამო ექცევა ფონდი რუსული კანონის მოქმედების სფეროში. პედაგოგმა კონსულტაცია გაიარა იურისტებთან, ინფორმაცია მოიძია იუსტიციის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურისგან და გადაწყვიტა, საქმიანობა შეეჩერებინა.

“სიკეთის რევოლუცია” სამეგრელოში, სოფელ კიცხში, სოციალურად დაუცველ ჯახში

“უკვე ვფიქრობდი ცოტა სხვა მიმართულებით ფონდის განვითარებას, მინდოდა სამოქალაქო ცნობიერების გასაზრდელად პატარა პროექტის გაკეთება, მინდოდა პატარა დაფინანსებები მომეპოვებინა, ახალგაზრდები მეტად ჩამერთო. თუმცა, დილემის წინაშე დავდექი – ამ კანონს ვერ მოვუნახე ისეთი მხარე, რითაც შემეძლო მე თავიდან ამერიდებინა მოსალოდნელი პროცესები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ არც ჩემი ბენეფიციარები გამეხვია შარში, არც ჩემ თავი ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში და მივიღე ფონდის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება”, – ამბობს კახა.

რატომ დაიხურა ფონდი

გარდა იმისა, რომ კახა გალდავასთვის მიუღებელია სტატუსი, რომელსაც ფონდს რუსული კანონი ანიჭებს – ის არ ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში, საკუთარ მოსწავლეებთან ერთად უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდა – მისთვის მნიშვნელოვანია ფონდის ბენეფიციარების ინტერესი და უსაფრთხოება. რუსული კანონი იუსტიციის სამინისტროს საშუალებას აძლევს ფონდის ყველა ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს, დაამუშაოს, გაასაჯაროოს, რაც, კახას თქმით, ამ ადამიანებისთვის მიუღებელი შეიძლება იყოს. ამით დაიკარგება მათდამი ნდობა და ადამიანები, თავს შეიკავებენ მათგან დახმარების მიღებისგან.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მდგომარეობის გათვალისწინება, დაცვა და მხარდაჭერა, რომლებიც უფრთხიან გამოჩენას, ან იმ მოზარდების, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებოდით. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სპეციალური საჭიროებები, ან არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა, ისედაც ძალიან რთულ სოციო-ემოციურ მდგომარეობაში არიან. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ადამიანებს დახმარება. მათ ვეკითხებოდით – შეიძლება გადავიღოთ? გინდათ თქვენი შვილი გამოჩნდეს ფოტოში? როდესაც ვიღებდით უარს, რა თქმა უნდა, არ ვასაჯაროებდით ვინაობას.

მაგალითად, ქუთაისში ვესტუმრეთ ერთ-ერთ ოჯახს. ქალი იყო ძალადობის მსხვერპლი. ორი შვილთან ერთად ცხოვრობდა და ემალებოდა ყოფილ ქმარს. ნაქირავებ ბინაში იყო. სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ვაწვდიდით საკვებს. არ იცოდა ქმარმა სად ცხოვრობდა ქალი. აბა, თქვენ წარმოიდგინეთ მათი მონაცემების გასაჯაროება. თორემ, მე ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე არ მაქვს პრობლემა”, – ამბობს კახა.

ლიკვიდაციას რამდენიმე თვე დასჭირდება. იქამდე ფონდი რუსული კანონის მიღების შემდეგ შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდება, რათა თავიდან აირიდონ ჯარიმები.

“გვყავდა სისტემატიური ბენეფიციარები, რომლებსაც ყოველ ზამთარს შეშას ვყიდულობდით. ერთ-ერთი იყო 36 წლის ქალი, სამი არასრულწოვანი  შვილით. ქმარი გარდაცვლილი ყავს. უფროს შვილს აქვს სპეცილაური საგანმანთლებლო საჭიროება, მეორეს – ქრონოკული ასთმა. შესაბამისად სჭირდება მუდმივი მედიკამნეტური მურნალობა. უმცროსი პატარაა. თავად ქალს ინსულტი აქვს გადატანილი. ასეთ სისტემატური ბენეფიციარებისთვის მგონია, რომ ღალატია ეს ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს”, – ამბობს კახა.

“სიკეთის რევოლუციის” შეგროვებული შეშა და პროდუქტები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

რა იქნება ფონდის ბოლო აქტივობა ლიკვიდაციამდე

“ახლა ვაპირებდი რამდენიმე პირველკლასელისთვის სასკოლო ტანსაცმლის ყიდვას. მშობლებმა მომწერეს და გვთხოვეს, დავხმარებოდით. მოულოდნელად მომიწია ყველა ანგარიშების გაუქმება, თანხების ათვისება. მაქვს რაღაც გარკვეული თანხა ერთან ანგარიშზე დატოვებული, რომ სანამ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყება, მოვახერხო იმ რამდენიმე ბავშვისთვის თეთრი პერანგის, შარვლის და ფეხსაცმლის ყიდვა”, – გვიყვება კახა.

დაბოლოს,

კახა გალდავას კითხვა აქვს იმ ადამიანებთან, ვინც ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება:

“ბევრგან მესმის, რომ ფიზიკურ პირებს არ შეხებია ეს კანონი. მაშინ, მე მაქვს კითხვა – აბა ეს ადამიანები ვინ არიან, ვისზეც მოგიყევით? ვინც ფონდის იმედად იყო და ახლა ამ იმედის გარეშე დარჩებიან?”.

მასალების გადაბეჭდვის წესი