- სქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ერთის მხრივ, სააღმზრდელო დაწესებულებებმა განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამებით უნდა იხელმძღვანელონ, მეორეს მხრივ კი, საბავშვო ბაღები, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ექვემდებარებიან. რეალურად კი, მთლიანად ბაგა–ბაღის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ მეთოდებზეა დამოკიდებული, თუ რა განათლებასა და უნარ–ჩვევებს იძენს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
- სკოლამდელი აღზრდის საკითხებში იუნისეფის კონსულტანტის, ლელა ჩახაიას თქმით, სანამ მშობელი ბავშვს ბაღში მიიყვანს, შეუძლია დაელაპარაკოს ბაღის დირექტორს და დაწვრილებით გამოკითხოს სასწავლო მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა ამ შესაძლებლობას მშობლები იშვიათად იყენებენ.
- ოთხი წლის დათო აბესალაშვილი დედამ, ირინა დვალიძემ 169–ე საჯარო ბაღში ახლობლების რჩევით მიიყვანა: «ბევრმა მითხრა, რომ ამ ბაღში კარგი აღმზრდელები არიან და მათთვის შვილის აღზრდის მინდობა სარისკო არ იყო» – ამბობს ირინა დვალიძე.
- თბილისის 169–ე საჯარო ბაგა–ბაღში, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს, 470 ბავშვი ირიცხება, მათ შორისაა დათო აბესალაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღში წელს პირველად მიიყვანეს. ბაღის წესები ჯერ არ იცის, მაგრამ როდესაც ჯგუფში საუზმე შემოიტანეს, მაგიდას მაშინვე მიუჯდა.
- „ბავშვებო, სანამ მასწავლებელი არ გეტყვით, არ უნდა ჭამოთ. ჯერ ლოცვა უნდა ვთქვათ. ვინც ადრე დადიოდა ბაღში, იმათ ჩვენი წესები იციან. დათო კი ახალია“,– განუმარტა აღმზრდელმა ბავშვებს.
- დათო სკამიდან არ ადგა – “მე ლოცვა არ ვიცი”.
- „დედიკო სანთლებს არ განთებინებს? სხვანაირად არ შეიძლება.
- ადექი და ისწავლე ლოცვა. არაუშავს, ბავშვებო, ვაპატიოთ დათოს, დღეს მისთვის პირველი დღეა. ხელები ასე დაიწყვეთ და მამაო ჩვენო ვთქვათ” – არიგებს აღმზრდელი.
სასადილოში რელიგიური კუთხის წინ ლოცვის შემდეგ, ბავშვებმა პირჯვარი გადაიწერეს და მაგიდებს მიუსხდნენ.
- მეორე დღეს დათო უფრო მომზადებული მივიდა საბავშვო ბაღში. საუზმის, სადილისა და სამხარის დროს მამაო ჩვენოს წასაკითხად პირველი ადგა.
- მამაო ჩვენო თბილისის, თითქმის, ყველა საჯარო ბაღის ბავშვებმა იციან. საბავშვო ბაღებში თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია პლაკატები წარწერით – «ლოცვა, სწავლა და შრომა». როგორც 155–ე ბაგა –ბაღის ფსიქოლოგი, გულიკო ფარქოსაძე ამბობს, ასეთი ტიპის პლაკატები საპატრიაქოდან, საპატრიარქოს რეკომენდაციითვე, თვითონ მშობლებმა შეიძინეს.
- ფსიქოლოგის თქმით, ლოცვის წაკითხვა ბავშვებისთვის სავალდებულო არ არის. შესაბამისად, ძალას ვერავის დაატანენ. «სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც დადიან ბაღში, თუმცა არ გვახსოვს შემთხვევა, რომ თუნდაც მათ ან მათ მშობლებს ეს ფაქტი უარყოფითად მიეღოთ. პირიქით, დიდი სიამონებით ერთვებიან ამ პროცესში. პირჯვარის გადაწერით კი, ბავშვები მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევასაც ადვილად სწავლობენ», –ამბობს ფსიქოლოგი.
- ლოცვას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს დღეში სამჯერ, ყოველი კვების წინ აკითხებენ. დღის სხვა მონაკვეთში ბავშვები სხვადასხვა ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულნი იმის შესაბამისად, რასაც თითოეული აღმზრდელი თვლის საჭიროდ.
- «დიდი წრე გავაკეთოთ, ერთმანეთს შევხედოთ და ვუთხრათ გამარჯობა“, – მიმართავს ოთხი–ხუთი წლის ასაკის ბავშვებს თბილისის 169–ე ბაგა–ბაღის ერთ–ერთი ჯგუფის აღმზრდელი ნანა კვირიკაშვილი.
- „მასწავლებელი რომ ეტყვის, გინდათ თუ არა, ახლა წრეში ჩავდგეთ და ეს გავაკეთოთ – არაა თანამედროვე მიდგომა. რა თქმა უნდა, წრეში ჩადგომა და სიმღერა ცუდი არაა, მაგრამ 30-ვე ბავშვი წრეში ჩააყენო და რაღაც დაავალო, ეს ძველი სტანდარტია, რომელიც ბავშვის დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბებას ხელს უშლის», – ამბობს ლელა ჩახაია.
- «ახალ მეთოდებში ბევრი რამე არ მომწონს», –ამბობს 155–ე ბაღის ფსიქოლოგი გულიკო ფარქოსაძე. მისი თქმით, თანამედროვე მეთოდებში ბევრი თავისუფლებაა – როცა უნდა და რასაც უნდა, ბავშვი იმას აკეთებს, რაც ხშირად ქაოსის შემქმნელია.
- «ახალი სტანდარტების მიხედვით, ბავშვს აძლევ უფლებას, საქმიანობა თვითონვე აირჩიოს. მასწავლებლის ფუნქცია კი ისაა – მივიდეს ცენტრში და მეთვალყურეობა გაუწიოს, მისცეს მიმართულება, როგორ იმუშაოს. თან მიაქციოს ყურადღება, რომ მთელი დღე ერთ ცენტრში არ იჯდეს “, – ამბობს ლელა ჩახაია.
- როგორც წესი, საბავშვო ბაღებში, თითოეული ჯგუფის ოთახში, სხვადასხვა ტიპის ცენტრია თავმოყრილი, როგორიცაა მათემატიკის, ხელოვნების, სამზარეულოს, კითხვის, ბუნების და სხვა ცენტრი.
- «სხვა ქვეყნებში, სადაც ეს სტანდარტები ამართლებს, ბაღებში დიდი სივრცეა, სადაც თუნდაც თითოეული ცენტრი განლაგდება ცალკე. ჩვენთან კი, სასადილო ოთახიც იმავე ოთახშია, სადაც ბავშვები მთელ დღეს ატარებენ, ამიტომ საუზმის შემდეგ ბავშვები დერეფანში გამოგვყავს, რომ ძიძამ ჭურჭლის ალაგება მოასწროს», –ამბობს 155–ე ბაღის ფსიქოლოგი.
- გულიკო ფარქოსაძეს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, «აუცილებელია ბავშვს დისციპლინა და ნებისყოფა გამოუმუშავდეს». ამისათვის კი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ბაღში მეცადინეობათა დროებია შემუშავებული: 2–3 წლის ასაკის აღსაზრდელების მეცადინეობისთვის 5 წუთია გათვალისწინებული; 3–4 წლამდე – 7–10 წუთამდე; 4–5 წლამდე – 10–15 წუთამდე და 5–6 წლის ბავშვებისთვის –20–25 წუთი.
- მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არსებობს ორი სახელმძღვანელო მოდელი: ბავშვის სასკოლო მზაობაზე ორიენტირებული მოდელი ინგლისურენოვან ქვეყნებსა და საფრანგეთშია გავრცელებული და გულისხმობს ბავშვებისთვის სხვადასხვა საგნის შესწავლასა და მათ მომზადებას სკოლისთვის. მეორე მოდელი, რომელიც, ძირითადად, სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, სოციალურ-პედაგოგიური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი და ის საბავშვო ბაღს განსაკუთრებულ ინსტიტუტად განიხილავს: თანაბრად შეიცავს სამ კომპონენტს – განათლებას, აღზრდასა და მოვლას.
- საქართველოში ერთიანი მოდელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არ არსებობს. ყველა ბაღს თავისი სააღმზრდელო და სასწავლო მეთოდი გააჩნია. ერთადერთი საერთო, რაც საბავშვო ბაღებს საქართველოში გააჩნია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და განათლების სამინისტროს მიერ 2000 წელს გამოცემული სახელმძღვანელოა, რომელიც ბაღის აღმზრდელების თქმით, მოძველებულია. ამის გამო, ბაღების აღმზრდელები დამატებითი სასწავლო მასალებს, ინდივიდუალური შეხედულებებისამებრ იყენებენ.
155–ე ბაღში 5–6 წლიანთა ჯგუფის აღმზრდელი ამბობს, რომ რამდენიმე წიგნი, რომელიც ამ ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნია, თვითონვე იყიდა. გარდა ამ სახელმძღვანელოებისა, აღმზრდელს ფურცლებზე გადმოწერილი ლექსებიც აქვს, რომელსაც ბავშვებს ასწავლის.
„არ არსებობს ბაღის აღმზრდელის სტანდარტი. არც სავალდებულო მოთხოვნები. ტრენინგებიც იშვიათად ტარდება მათთვის – ხშირად იმის გამო, რომ ფიზიკურად არ არსებობს ტრენინგ-ცენტრი, ვინც დაატრენინგებდა მათ“, – ამბობს ლელა ჩახაია.
169–ე საჯარო ბაღში 26 აღმზრდელია, თუმცა სპეციალური ტრენინგები მხოლოდ ხუთმა მათგანმა გაიარა.
იუნისეფის მიერ საქართველოში 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებში წერია, რომ ყოველგვარი ძალისხმევაა საჭირო საქართველოში საბავშვო ბაღების პროგრამების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სკოლამდელი განათლების საკითხებზე საქართველოში განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მუშაობს. თუმცა, ცენტრის პრესსამსახურის უფროსის, ქეთევან ჩხობაძის თქმით, სკოლამდელი პოლიტიკის საკითხებისა და კონცეფციის გარკვევის საკითხებზე მსჯელობა ცენტრის კომპეტენციაში არ შედის.
ერთადერთი, რაც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა გააკეთა, ისიც იუნისეფის ფინანსური მხარდაჭერით, იყო საბავშვო ბაღებისათვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება.
- სტანდარტის შექმნაში ბავშვთა ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, სკოლამდელი განათლების ექსპერტები მონაწილეობდნენ. სტანდარტში აღწერილია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა განვითარების სფეროები: ფიზიკური განვითარება, ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველების განვითარება და სოციალურ–ემოციური განვითარება.
აღნიშნული სტანდარტების შესახებ დოკუმენტი საჯარო ბაგა–ბაღებს რამდენიმე დღის წინ დაურიგდა.თუმცა აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს საბავშვო ბაღებისთვის.
- დღევანდელი კანონმდებლობით, ბაღების განვითარების დონე მთლიანად მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული. 2006 წლიდან საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში არიან გადასულნი.
„დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო მეთოდოლოგიას არავინ ამოწმებს, ვინაიდან არ არსებობს სავალდებულოდ განსაზღვრული სასწავლო მეთოდოლოგია“, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, თამარ დვალი.
ლელა ჩახაიას თქმით, სკოლამდელი განათლება 1997 წლის კანონით რეგულირდებოდა. 2004 წელს კი, ძალაში შევიდა «ზოგადი განათლების შესახებ კანონი» , სადაც ჩახაიას თქმით, სკოლამდელი განათლების შესახებ საკითხები ბუნდოვანი და ძალიან ზოგადია.
აღნიშნული კანონის თანახმად, „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისად“.
საქართველოში დღესდღეობით 1200–მდე საჯარო სკოლამდელი დაწესებულებაა, აქედან თბილისში 160–მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებშიც 43 700 ბავშვი ირიცხება.