უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე, ხიდი ააფეთქეს, იუწყება „მედუზა“.
სამთავრობო ტელეგრამ-არხი Mash წერს, რომ ხიდი „ჰაიმარსის“ რაკეტებით ააფეთქეს, რის შედეგადაც, მათივე ცნობით, დანარჩენი რუსეთისგან მოწყვეტილია გლუშკოვის რაიონი. 14 აგვისტოს იქ სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა ახლა ევაკუაცია მხოლოდ მდინარის გავლით შეიძლება.
Mash აგრეთვე იუწყება, რომ აფეთქებისას ხიდზე იმყოფებოდა კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „სახალხო ფრონტის“ სამი თანამშრომელი. მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა.
დამოუკიდებელი რუსული მედია, „ვაჟნიე ისტორიი“, აღნიშნავს, რომ ხიდს რუსული ჯარისთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა – სწორედ მისი გავლით მიჰქონდათ ტყვია-წამალი და საკვები ჯარისკაცებისთვის გლუშკოვის რაიონში.