გენდერული უთანასწორობა ციფრებში -2015 [ინფოგრაფიკა]

ძალადობა, უთანასწორობა სამუშაო ადგილას, სელექციური აბორტები, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა მცირე წარმომადგენლობა – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ.

ინფოგრაფიკა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას ეყრდნობა.

გენდერული უთანასწორობა
გენდერული უთანასწორობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს გასამმაგდა ძალადობის მსხვერლი ქალების მაჩვენებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა, არამედ იმას, რომ გაიზარდა იმ ქალების რაოდენობა, ვინც ძალადობის წინააღმდეგ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, – ამბობს ნატო შავლაყაძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი.

 

ნატო შავლაყაძის თქმით, ბოლო წლებში გაცლებით მეტი ქალი მიდის მათ ორგანიზაციაში თანადგომის მოლოდინით. გაზრდილ მაჩვენებელს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ – როდესაც დაცვის ხარისხი მატულობს, მიმართვიანობაც იზრდება.

 

ნატო შავლაყაძის შეფასებით, ქალებმა თამამად დაიწყეს ამის შესახებ საუბარი, გაიზარდა ინფორმირებულობა არა მარტო ოჯახში ძალადობაზე, არამედ სხვადასხვა უფლებაზე. თუმცა ქალებს კვლავ სჭირდებათ სოციალური სერვისები, სოციალური მუშაკის თანადგომა, სარეაბილიტაციო პროგრამები, რათა შემცირდეს ძალადობა ქალთა მიმართ.

 

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ნატო შავლაყაძის შეფასებით, ხშირად ქალთა მიმართ ძალადობაზე საქმეები სასამართლომდე ვერ მიდის, შიდა კოორდინაციის არქონის გამო.

 

”საქმეების დაწყება უჭირთ და არ უნდა ძირითადად პროკურატურას. ამიტომ პოლიციელებიც ხშირად თავს იკავებენ. მტკიცებულებების არქონის გამო საქმეები უკან ბრუნდება და არაფერი არ ხდება, გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ რჩება და მათი დაცვა წარმოუდგენელია”, – ამბობს ნატო შავლაყაძე.

ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა სხილაძე ამბობს, რომ არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაცილებით დიდია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.

ეკა სხილაძის განმარტებით, ქალთა დისკრიმინაციის კიდევ ერთი ნიშანია სელექციური აბორტები, რაც დაკავშირებულია გვარის გამგრძელებლის დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან. როდესაც ოჯახებს ჰყავთ გოგო, ისინი არჩევენ აბორტს.

 

გენდერული უთანასწორობა გრძელდება განათლების მიღებისა და დასაქმების დროს, – აგრძელებს ეკა სხილაძე, – ამიტომაცაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა მონაწილობა არის დაბალი.  ესეც ამ დამკვიდრებული შეხედულებებისა თუ უხილავი ბარიერების გამო შემქნილი პრობლემაა.

 

”დასაქმების პრობლემის გარდა ქალებს აქვთ დაწინაურებისა და თანამდებობრივი წინსვლის პროცესში პრობლემა, ესეც დაკავშირებულია განწყობებთან და პოლიტიკასთან. იმასთან, თუ რამდენად არის ესა თუ ის უწყება მგრნობიარე და რამდენად მიიჩნევს ქალს თანასწორად; რომ მასაც შეუძლია იგივე თანამდებობრივი როლი შეასრულოს,” – ამბობს სხილაძე.

ქალის წინსვლას სამსახურში უშლის ის განწყობებიც, რომ ოჯახურ ურთიერთობებში ქალის საქმედ ბავშვებისა და სახლის მოვლა-პატრონობა მიიჩნევა. ეკა სხილაძის აზრით, ამ დამკივდრებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

 

პოლიტიკურ პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის, ეკა სხილაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დროებითი მექანიზმების შემოღება: ერთი მხრივ, უნდა იყოს სახელწიფო პოლიტიკის კვოტირების სისტემა, მეორე მხრივ, შიდაპარტიული სურვილი და მოტივაცია, რომ ხელი შეუწყონ ქალთა დაწინაურებას.  

 

ეკა სხილაძის აზრით, ძალიან ბევრი ლიდერი ქალია, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, უბრალოდ, მათ სჭირდებათ ხელშეწყობა პარტიებიდან.

”პარტია უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ მოიძიოს ასეთი ქალები და არ მოიაზროს ქალები, როგორც დამატებითი სამუშაო ძალა, არამედ როგორც კანდიდატები და სრულფასოვანი მონაწილეები პოლიტიკური პროცესებისა”, – ამბობს სხილაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი