საზოგადოება

უკრაინის გაწევრიანება შეუქცევადია, ჩინეთი გამოწვევაა | ნატოს დეკლარაცია

11 ივლისი, 2024 •
უკრაინის გაწევრიანება შეუქცევადია,  ჩინეთი გამოწვევაა | ნატოს დეკლარაცია

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციით, ნატომ ხაზი გაუსვა უკრაინის გაწევრიანების შეუქცევადობას, ჩინეთის გამოწვევას და მხარი დაუჭირა ბლოკის თავდაცვის ინდუსტრიის გაფართოებას.

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, 38 თავისგან შედგება და თან ახლავს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება.

უკრაინა

როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე მიწვევა არც წლევანდელ სამიტზე მიუღია, თუმცა მის მომავალზე უფრო ამბიციური ფორმულირება გაჩნდა. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, 32-ვე წევრის ჩათვლით, ნატოში უკრაინის მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა ფორმულირებას „შეუქცევადი“. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი კიევისა და დასავლეთისგან კვლავ ითხოვს გარანტიას, რომ უკრაინა არ გახდება ალიანსის წევრი.

„უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. მივესალმებით პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების რეფორმებზე. რამეთუ უკრაინა აგრძელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

ნატო ადასტურებს მზაობას, მიიწვიოს უკრაინა გასაწევრიანებლად, „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები“.

„ნატოსა და ნატო-უკრაინის საბჭოს სამიტის გადაწყვეტილებები, მოკავშირეების მიმდინარე მუშაობასთან ერთად, წარმოადგენს ხიდს უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

ნატოს სამიტზე გადაწყდა უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნის (NSATU) პროგრამის შექმნა, რათა კოორდინირება გაუწიოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების უზრუნველყოფას.

„NSATU, რომელიც იმუშავებს მოკავშირე ქვეყნებში, მხარს დაუჭერს უკრაინის თავდაცვას გაეროს წესდების შესაბამისად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, NSATU არ ხდის ნატოს კონფლიქტის მხარედ“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

პროპორციული შენატანების მეშვეობით, მოკავშირეები აპირებენ, უკრაინისთვის უზრუნველყონ მინიმალური საბაზისო დაფინანსება 40 მილიარდი ევროს ოდენობით მომდევნო წლის განმავლობაში.

სამიტის ფარგლებში, დღეს, 11 ივლისს, გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე.

რუსეთი

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან, პირდაპირ და გრძელვადიან საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის. ამასთან, საფრთხეები არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული.

ალიანსი რუსეთს აკისრებს ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე და ამბობს, რომ რუსი სამხედროების და ოფიციალური პირების ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს.

ალიანსი გმობს მოსკოვის ბირთვულ რიტორიკას და ბირთვული იარაღის განთავსებას ბელარუსში.

ამბობს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეზღუდოს რუსეთის აგრესიული ქმედებები და შემდეგი სამიტისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს რუსეთისადმი ნატოს სტრატეგიული მიდგომის შესახებ. ამავდროულად, ნატო მზადაა, „რისკის შესამცირებლად და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ შეინარჩუნოს კომუნიკაციის არხები მოსკოვთან.

ნატო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, არ გაუწიონ რამე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ომის გაგრძელებას, ალიანსი ასახელებს ჩინეთს, ირანს, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას.

ჩინეთი

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) გაცხადებული ამბიციები წარმოადგენს გამოწვევას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისა და ღირებულებებისთვის.

„რუსეთსა და PRC-ს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი მცდელობები, შეცვალონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ღრმა შეშფოთების მიზეზია“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

ნატოს შეფასებით, PRC გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის „გადამწყვეტი ძალა“ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერით.

„ეს ზრდის საფრთხეს, რომელსაც რუსეთი უქმნის მეზობლებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“, — აცხადებს ნატო და ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების ჩათვლით.

წარმოების გაზრდა

ნატო ამბობს, რომ მოკავშირეთა ორ მესამედზე მეტმა შეასრულა ვალდებულება მშპ-ის 2%-ის თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ, ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში საჭირო იქნება მშპ-ის 2%-ზე მეტი დანახარჯები.

მოკავშირეები ვალდებულებას იღებენ, გააძლიერონ თავდაცვის ინდუსტრია მთელ ალიანსში და მხარი დაუჭირეს ნატოს სამრეწველო შესაძლებლობების გაფართოებას. დაპირება მიზნად ისახავს ალიანსის მასშტაბით თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების და წარმოების დაჩქარებას, მათ შორის უკრაინის მომარაგების მიზნით. დაპირება მოიცავს გრძელვადიან ქმედებებს, როგორიცაა ეროვნული გეგმების შემუშავება სამრეწველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მრავალეროვნული შესყიდვების დაჩქარება, ვაჭრობისა და ინვესტიციების ბარიერების მოხსნა და კრიტიკული მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნატოს მოკავშირეები მთელ ევროპასა და კანადაში გეგმავენ შეიძინონ ათასობით საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემა, 850 თანამედროვე თვითმფრინავი, ძირითადად მე-5 თაობის F-35-ები და ასევე მაღალი დონის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

პარტნიორობა

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციით, ნატო აანონსებს თანამშრომლოიას გაღრმავებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან. სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნაზე ამანში, იორდანიაში.

დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში, სადაც ხაზგასმულია, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას.

საქართველოს ელჩმა ნატოში ვიქტორ დოლიძემ თქვა: „ეს იყო მოკლე სახის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც არ შედგება“, ამიტომ დოკუმენტში „როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის მომავალი პოლიტიკური გეგმები“ ნახსენები არ იყო.

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. 2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის მეორე დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. პირველად ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდა 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.

ამ თემაზე:

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

ნატოს საიუბილეო სამიტი: რას უნდა ელოდნენ საქართველო და უკრაინა

მასალების გადაბეჭდვის წესი