საზოგადოება

საქართველოში დარჩენილი დიდი ზომის სახელმწიფო ბავშვთა სახლები შესაძლოა დაიხუროს

6 ნოემბერი, 2015 •
საქართველოში დარჩენილი დიდი ზომის სახელმწიფო ბავშვთა სახლები შესაძლოა დაიხუროს

წარმატებული რეფორმის მიუხედავად, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში წერია, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რადგანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობები. კონკრეტულად კი, საქართველოში რჩება ორი დიდი ზომის სახელმწიფო ინსტიტუცია მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობს განვითარების შეფერხების მქონე 54 ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო 24 ბავშვი კოჯრის სააღმზრდელო დაწესებულებაშია”.

“გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, როდესაც ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის, შედარებით შორეული სანათესაოს ჩართვით, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში კი, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემოს შექმნით”, – აცხადებს იუნისეფი.

ოფიციალური ინფორმაციითვე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორი მცირე ალტერნატიული ზრუნვის სამსახური დაარსდება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ეს გულისხმობს ინტენსიური სპეციალიზებული სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებების შექმნას მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

“საპილოტე პროგრამა საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, რომ ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურება ასეთი საჭიროების მქონე ყველა ბავშვისთვის და დახუროს ყველა დიდი ზომის სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულება საქართველოში. როდესაც ბავშვებს არ აქვთ ცხოვრებაში თანაბარი შანსი, მნიშვნელოვანი უთანასწორობა ჩნდება ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად პრივილეგირებულ ბავშვებს შორის. ეს უთანაბრობა გადადის თაობიდან თაობაზე და ქმნის მოჯადოებულ წრეს, რომელსაც საგულისხმო ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური შედეგები აქვს და ქმნის უთანასწორო და უსამართლო მსოფლიოს. არ არის აუცილებელი, რომ ასე ხდებოდეს. სწორი ინვესტიციის და გამიზნული ქმედებების მეშვეობით შეიძლება ყველა ბავშვს მიეცეს ცხოვრებაში თანაბარი შანსი. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს აქვთ უფლება იცხოვრონ ოჯახურ გარემოში. უნდა შეიქმნას ოჯახის მხარდამჭერი და ოჯახის ჩანაცვლების ალტერნატიული მომსახურებები და დასრულდეს ამ დაუცველი ბავშვების  ინსტიტუციური ზრუნვის ქვეშ ყოფნა –  ეს არის ძირითადი მოწოდება, რომელიც გაკეთდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თბილისის მერისა და გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლების ვიზიტისას ჩვილ ბავშვთა სახლში”, – წერს იუნისეფი.

“ყველა ბავშვი იმსახურებს შანსს, რომ იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და სრულყოფილად განვითარდეს. მიუხედავად ამისა, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ვერ იყენებს საკუთარ უფლებებს. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და უნდა შემუშავდეს და გატარდეს სათანადო პოლიტიკა და სტრატეგიები. იუნისეფი მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს, მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლის ბინადრებსაც, ქონდეთ ოჯახური გარემო და სამართლიანი შესაძლებლობები ცხოვრებაში,“ -ამბობს გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი