„დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „ახალი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან.
ამის შესახებ აღნიშნული პარტიების ლიდერებმა დღეს, 9 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთად გავლენ.
ნიკა გვარამიას თქმით, ამ მომენტისთვის შეთანხმება ვერ მოხერხდა „ლელოსთან“, რადგან „მცირე განსხვავებები იყო ხედვებს შორის“. მისი თქმით, „ლელო“ ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნიათ.
„ცხადია, ამით პროცესი არ იკეტება და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, არამხოლოდ „ლელოსთან“. დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის. თუმცა დღევანდელი განაცხადის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ერთიან კამპანიას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსული საფრთხის წინაშე საზოგადოებამ ტესტი უკვე ჩააბარა და ახლა ეს ტესტი პოლიტიკურმა სპექტრმაც უნდა ჩააბაროს.
„მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებას, რომელმაც იბრძოლა და წარმატებას მიაღწია, შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის, რომ ყველას სიმპათია შეიძლება ყოველთვის დაკმაყოფილებული ვერ იყოს, მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა“,-განაცხადა ხოშტარიამ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არსებობს უნიკალური შანსი იმისა, რომ 5 წელიწადში ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახადონ.
„ერთადერთი რამ, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ამიტომ 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა და ამის მიღწევისთვის გასაკეთებელია სამი რაღაც:
- საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს;
- ხმების დაცვა მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მოვა;
- ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება და ასევე ის, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო.
„ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მეც, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია „ახალი“ და „გირჩი/დროა“ ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში და მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა.
მე ვფიქრობ, ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღევანდელ ბრიფინგზე გაერთიანების ლიდერებმა წარმატებები უსურვეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და განაცხადეს, რომ მათთვის წინასაარჩევნოდ პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციას შორის ერთმანეთზე „თავდაუსხმელობა“.