საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, თუმცა შეკრებილებმა ფეხბურთელებთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აეროპორტის ტერიტორია ავტობუსით დატოვა.
დღესვე, 22:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია ნაკრების ოფიციალური დახვედრის ცერემონია. ეროვნული ნაკრების წევრები მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსით 21:30 საათზე დაიძვრებიან და გულშემატკივრებს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეხვდებიან.
ეროვნულმა გუნდმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა 30 ივნისს დაასრულა. საქართველოს ნაკრები ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთთან დამარცხდა და გერმანიიდან თბილისში დღეს, 2 ივლისს დაბრუნდა.
ევრო 2024 საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო იყო. საქართველოს ნაკრები ტურნირის F ჯგუფში ასპარეზობდა, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად. პირველი შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა თურქეთთან გამართა, სადაც ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
პირველი ისტორიული ქულა კი საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ მოიპოვა. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0, ჯგუფში 4 ქულის დაგროვება შეძლო და ტურნირის პლეი-ოფში ჯგუფში მესამე ადგილით გადავიდა.
მერვედფინალურ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებს ესპანეთის ნაკრები შეხვდა. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.