საზოგადოება

„რატომ ვერ ვრჩებით მხოლოდ ბიზნესში“ — „პაცცას“ ისტორია

20 ივნისი, 2024 •
„რატომ ვერ ვრჩებით მხოლოდ ბიზნესში“ — „პაცცას“ ისტორია

„წლების წინ რაც სხვას გავუპროტესტე, იმას ვაკეთებ ახლა მე“ — ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი არჩილ ზამბახიძემ, „პაცცას“ თანადამფუძნებელმა.

„პაცცა“ იყო ერთ-ერთი პირველი საკვები ობიექტი, რომელმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯერ კიდევ 15 აპრილს, როცა საპროტესტო მუხტი ძალას იკრებდა, „პაცცაში“ მოიმარაგეს პირბადეები, წყლები, სპაზმის საწინააღმდეგო სპრეი, წყალბადის ზეჟანგი, ჭრილობების სტიკერები, პირველადი დანიშნულების სხვა საშუალებები და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ აქციების განმავლობაში მათი კარია ღიაა ყველასთვის, ვისაც ეს დასჭირდება.

არჩილ ზამბახიძე გვიყვება, რომ წლების წინ მან გააკრიტიკა ერთ-ერთი საკვები ობიექტი რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისთვის. „ნუ ერევით პოლიტიკაში“ — მოუწოდა მაშინ სხვებს. წლების შემდეგ ცოლთან, ქეთი პაპავასთან ერთად შექმნა „პაცცა“, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითად იქცა ღია და ცხადი მესიჯით: „მშვიდობა და ევროპაა ის, რაც ყველას გვჭირდება“.

„როცა ხვდები, რომ შენთვის ძალიან ღირებულს საფრთხე ემუქრება, ვერ რჩები მხოლოდ ბიზნესში“

ადრე, დაახლოებით ათი წლის წინ, ერთ-ერთ საკვებ ობიქტს გავუპროტესტე, პოლიტიკაში ნუ ერთვებით-მეთქი. რაღაცა რუსულს აპროტესტებდნენ და ვუთხარი, რომ თქვენ საკვები ობიექტი ხართ და თქვენ უნდა დარჩეთ ასე. მაშინ დამბლოკეს იმ ფეიჯიდან. დღეს, როცა იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, ეს ამბავი გამახსენდა.

რა მომენტია, იცი?! მე მგონია, რომ ქალი ხარ, კაცი, ბავში, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მწერალი, მსახიობი თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, შენ თუ ხვდები, რომ რაღაც შენთვის ძალიან ღირებულს საფრთხე ემუქრება,  ყველაფერს გვერდით დებ და იქ დგახარ, სადაც საჭიროა, აკეთებ იმას, რასაც გული გკარნახობს. ჩვენც ეგრე გავაკეთეთ. ასეთ დროს ვერ რჩები მხოლოდ ბიზნესში. მორალი არ გაძლევს საშუალებას, რომ გაჩუმდე. 

თან, როცა ასი, ორასი ათასს კაცს ხედავ, რომელიც შეიძლება ვიღაცებმა ოცი ათას კაცად შეაფასოს, შენ თუ ხედავ, რომ ამდენი ხალხი შენს პოზიციას იზიარებს, მათ გვერდით დგომა, უბრალოდ, ძალიან გიხარია. 

აქციების დროს მოვიმარაგეთ ყველაფერი, რაც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის შეიძლება საჭირო ყოფილიყო — ეს იყო ბამბები, სადეზინფექციო და ფიზიოლოგიური ხსნარები, სპაზმებისა და შეშუპების მომხსნელი და სხვა ბაზისური საშუალებები, რაც შეიძლებოდა დაშავებულ ადამიანს უცებ დასჭირვებოდა. ეს გვექნება მომავალშიც. კარგია, რომ ვნახეთ ჩამონათვალი იმ ობიექტების, ვინც ამგვარ საჭიროებებს ხელმისაწვდომს სხდის. ჩვენც მათ რიცხვში ვართ. 

არის თუ არა ეს ყველაფერი მარკეტინგის ნაწილი?

ვიღაცები ამას —  კონკრეტული ობიექტების, დაწესებულების ან ორგანიზაციების მიერ რაღაცა ქმედით ნაბიჯებს — მიიჩნევენ მარკეტინგულ სვლად. ამას აქვს ახსნა. ვიღაცებისთვის, შეიძლება, მარკეტინგულადაც გამართლებული იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ იყო.

ჩვენ ტერიტორიულად  ისეთ ადგილას მოგვიწია ყოფნა [ინგოროყვას #10, მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირ], რომ აქ ხშირად იმართება აქციები. ჩვენ, უბრალოდ, დავაკვირდით, რომ ხშირად ყოფილა სხვადასხვა ბაზისური საჭიროება: ვიღაცას წყალი სჭირდება, ვიღაცას — მედიკამენტი, ვიღაცას — თავის მოწესრიგება. როდესაც ჩვენ ვიგრძენით, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვებოდა ფართომასშტაბიანი აქციები, მივხვდით, რომ ბევრს დასჭირდებოდა ჩვენი დახმარება. 

სხვათა შორის, თავიდან გვქონდა შიში, ვიღაცას არ ეთქვა, რომ აი, რა კარგი მარკეტინგული სვლა გქონდათ, რა ჭკვიანები ხართ იმიტომ, რომ მანამდე 1-2-ჯერ ყოფილა შემთხვევა — „ვა, კარგად ყიდით პიცას აქციებზე?!“ არა, ჩვენ ეს მარკეტინგულად არ დაგვიგეგმავს.

ჩვენთან მოდიოდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციის თანამშრომლები“

მოგიყვებით ერთ ძალიან უხერხულ მომენტზე, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება:

ერთ-ერთი აქციის დღეს მე აქ [„პაცცას“ შესასვლელთან] ვიდექი და ვხედავ, რომ პოლიციელი მოდის ჩემკენ. ოღონდ, როგორ მოდიოდა, იცი? ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ორი გადადგა უკან, რაღაცას ფრთხილობს. ვერ მივხვდი, რას აკეთებს. მართლა დავიბენი, თან მიახლოვდება, თან ვერ მიახლოვდება. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ უხერხულობა აქვს. როცა თვალებით კონტაქტი შედგა ჩვენ შორის, უცებ მკითხა, „თქვენთან წყლის აღება შეიძლება?“

რა თქმა უნდა, შეიძლება!

იმიტომ, რომ ჩვენ აქ, აქციაზე ვინც ვდგავართ, სულ იმას ვამბობდით, რომ ამ პროცესს მხარე არ ჰყავს, რადგან შეიძლება, სამართალდამცავებთან, ჩვენთან, ყველასთან იდგეს ადამიანი, რომელიც საღად აზროვნებს. 

ჩვენ რომ კარი გავაღეთ და უფასოდ გავცემდით წყალს თუ მედიკამენტს, ამას ადრესატი არ ჰყავს. უფრო სწორად, ერთადერთი ადრესატი ჰყავს — ვისაც ეს სჭიდება. ვფიქრობთ, ჩვენ ერთმანეთისთვის უნდა ვიყოთ ხელის გამწვდენები, მიუხედავად ყველაფრისა. ამიტომ, ჩვენთან მოდიოდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციის თანამშრომლები.

პოტენციური რისკები

იყო უარყოფითი გამოხმაურებებიც, რის გამოც შეიძლებოდა, შიში გაგვჩენოდა. თუმცა შიში დღეს გვაქვს ყველას — ბიზნესსაც, ფიზიკურ პირებსაც, მაგრამ ეს, ალბათ, ამ პროცესების თანმდევია. ალბათ, ეს გადასალახია. როგორც ჩვენ უნდა გადავლახოთ შიში, ისე იმათაც, ვის თავშიც იხარშება ძალადობრივი სცენარები, უნდა გადალახონ ეს მოცემულობა. ადამიანებმა უნდა გავითავისოთ, რომ შეხედულებების და პოზიციების სხვაობის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები ძალადობა, ერთმანეთის დაშანტაჟება, დაშინება და მსგავსი.

რა თქმა უნდა, შიში გვაქვს. შიში გვქონდა ყოველთვის, თუმცა, ალბათ, ამ შიშზე მაღლა დგას შენი სოციალური პასუხისმგებლობა და დანიშნულება, რომ დარჩე ადამიანად — ვიღაცას რომ დამხარება სჭირდება, დაეხმარო, თუნდაც ამის გამო შენ მიიღო დარტყმა. 

რატომ არა რუსულ კანონს?

მთელი მატერიული თუ არამატერიული კულტურული მემკვიდრეობა, ლიტერატურა, ეკლესიები, ყველაფერი, ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს ჩვენთვის ღირებულია, ევროპელმა და ამერიკულმა დონორმა გადაგვირჩინა. როცა ვიცი, რომ სიმსივნით დაავადებული თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებს, დასავლელი დონორების დახმარებით, ენჯეოები აკმაყოფილებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ ადამიანებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ და ეს დგას სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას გავაპროტესტებ. ეს კანონი რუსულია, ჩინური თუ ამერიკული, ჩემთვის არსს კარგავს იმიტომ, რომ სასწორზე როცა ვდებ, მეორე მხარეს გაცილებთ მძიმე რაღაც მიდევს.

თუმცა ეს ვითარება გასცდა რუსული კანონის ფარგლებს. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობა არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხალხმა დაიქირავა იმისთვის, რომ ჩვენ რაც გვჭირდება, ის აკეთონ — ამ სიტყვის სწორი და არა მონური გაგებით. 

მოლოდინები

მე მგონია, რომ ეს კეთილი განწყობა, რაც ხალხში დღეს არის — განწყობა, რომ მშვიდობით და სიკეთით უნდა გავიტანოთ ჩვენი ევროპული მომავალი, აუცილებლად გაიმარჯვებს. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? არ ვიცი. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე, გარკვეულწილად, დინებას მივყვებით. მაგრამ მგონია, რომ თავშივე განწირული იყო მცდელობა, ბოროტი ძალით, ან რუსული იმპერიის მიერ იმ მუხტის ჩაქრობა, რაც აქციებზე ვნახეთ. შეიძლება, გვეტკინოს, შეიძლება, ძვირი გადავიხადოთ, მაგრამ გადავიხდით. ქართელი ხალხი ყოველთვის ევროპელები ვიყავით და დავრჩებით ევროპელებად. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს.

ფოტო: არჩილ ზამბახიძე და ქეთი პაპავა / "პაცცა"

მასალების გადაბეჭდვის წესი