საზოგადოება

„ფაქტობრივი შეფასებაა და არა მოსაზრება, რომ უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციაზე“ — სტანო რუსულ კანონზე

18 ივნისი, 2024 •
„ფაქტობრივი შეფასებაა და არა მოსაზრება, რომ უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციაზე“ — სტანო რუსულ კანონზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ეს არის ფაქტობრივი შეფასება და არა მოსაზრება“, — აცხადებს სტანო.

პიტერ სტანო „ნეტგაზეთთან“ კომენტარს არ აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, თითქოსდა წინააღმდეგობრივი კანონის მიღებამ გაზარდა საქართველოს შანსები ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა იმეორებს ევროკავშირის მკაფიო პოზიციას, რომ კანონი ეწინააღმდეგება ბლოკის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

„მისი ამოქმედება იწვევს უკუსვლას კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის 9-დან მინიმუმ სამ რეკომენდაციაში და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ“, — აცხადებს სტანო.

პრესსპიკერის თქმით, კანონის მიღება და ევროკავშირის შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში იქნება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში 24 ივნისს შეიკრიბებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა.

„კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს, კანონის მიღების შემდგე, ეს შანსია გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე”, – თქვა კობახიძემ 17 ივნისს.

კობახიძე ირწმუნება, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი