“საღამოზე გლინტვეინიც გვქონდა და ლოტოც ვითამაშეთ. ზოგი ხელსაქმით ერთობოდა. ვიხსენებდით ძველ ამბებს. განსაკუთრებით მოხუცები გახალისდნენ და მთხოვეს კიდევ გავმართო მსგავსი ღონისძიება”, – ამბობს თამარი.
“Art Cafe – Tamara’s handmade”,- ასე ჰქვია ახალგორის ერთადერთ არტ-კაფეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა, ადგილობრივმა მცხოვრებმა გახსნა.
“ვიქირავე პატარა ფართი და იმ საქმის კეთება დავიწყე, რასაც იქამდე სახლშიც ვაკეთებდი. ეს ადგილობრივი ქალების სამაგალითოდაც გავაკეთე. ახალგორში ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ჩვენც შეგვიძლია დასაქმებულები და წარმატებულები ვიყოთ. დღეს აქ უკვე სხვადასხვა ასაკის ქალი მოდის. ჩვენ ერთად ვსწავლობთ და ვცდილობთ, ჩვენი ნამუშევრების რეალიზაცია მოვახდინოთ. ამ დაცარიელებულ რაიონში ამ ადგილის არსებობა დიდი საქმეა”, – ამბობს ის.
არტ-კაფეს გახსნიდან მალევე, როგორც თავად ამბობს, არაერთი პრობლემა შეუქმნეს – სამსახურიდან გათავისუფლება, ერთწლიანი სასამართლო პროცესი.
“წინააღმდეგობები ახლდა გახსნასაც და მუშაობასაც, მაგრამ ეს უფრო საინტერესოს ხდის ყოვედღიურობას და სტიმულს მმატებს, არ გავჩერდე”.
| ||||