საზოგადოება

ცვლილებები ქართულ მედიაში – მედიის მფლობელობა და ანტიდასავლური დისკურსის გაგრძელება

20 ოქტომბერი, 2015 • 2668
ცვლილებები ქართულ მედიაში – მედიის მფლობელობა და ანტიდასავლური დისკურსის გაგრძელება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მედიის მფლობელობის შესახებ განახლებული ანგარიში 19 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” წარმოადგენა.

 

TI-ის ინფორმაციით, ინტერნეტმა და მასზე ხელმისაწვდომობის სწრაფი ტემპით ზრდამ სრულიად შეცვალა ინფორამციის მიღების პროცესი:

 

“მედიასაშუალებები ცდილობენ ფოკუსირდნენ ონლაინ აქტივობებზე. ვინაიდან მოწონებები, კომენტარები და გაზიარებები იზიდავენ სარეკლამო ბიუჯეტს, მედიაორგანიზაციები ეძებენ აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის ახალ ხერხებს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ახალ ამბებზე. უფრო მეტიც, პოლიტიკური წესრიგის მქონე მედიაორგანიზაციები საკმაოდ მოხერხებულად ავრცელებენ თავიანთ შეხედულებებს.”

 

როგორც TI-ის კვლევაშია აღნიშნული, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ ონლაინ-სივრცეში გამოიკვეთა ვებ-გვერდების ჯგუფი, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

 

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ ონლაინ-სივრცეში გამოიკვეთა ვებგვერდების ჯგუფი, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. „მედიის განვითარების ფონდის” 2014-2015 წლების მედიამონიტორინგის  „ანტიდასავლური პროპაგანდა“ მიხედვით, ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყარო მედიაა, ანტიდასავლური რიტორიკა კი ხშირად ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ზოგ შემთხვევაში, ანტიდასავლურად განწყობილი მედიასაშუალებები სახელმწიფო შესყიდვების სახით საბიუჯეტო სახსრებსაც იღებენ. გარდა ქვემოთ მოყვანილი თანხებისა, 2015 წელს შპს „მედია-ეტალონს” გადაცემა „ეტალონის” დასამზადებლად, რომელიც „ობიექტივის” ეთერში გადის, სახელმწიფო უწყებებიდან 68,616 ლარი აქვს მიღებული,” – წერია TI-ის განახლებულ ანგარიშში.


მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, იმ მედიასაშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან (იხ. დანართები გვ. 35), რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63 923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84 ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი – არასრული მონაცემი8 ), ასევე, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი). ამავე კვლევაში წერია, რომ შპს „ეტალონ-მედიას“ 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

 

MDF-ის ინფორმაციით, ეს მონაცემებიც არასრულია, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპები და ააიპები მონაცემებს არ ასაჯაროვებენ: “მაგალითად, ა(ა)იპი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა კონსოლიდირებული მონაცემები იმის შესახებ, რომ 2013-2014 წლებში მედიასაშუალებებს- 9 , მედიაგაერთიანებებს-10 და კომპანიებს-11 მთლიანობაში 1 043 845,57 ლარი გადაურიცხა. სააგენტოს მიერ მოწოდებულ მედიასაშუალებების ჩამონათვალში გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკაც“ ფიგურირებენ, თუმცა სააგენტომ უარი თქვა შესაბამისი ხელშეკრულებების გადმოცემაზე, რის გამოც ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა რაოდენობით თანხა გადაირიცხა თითოეული სუბიექტისთვის, მათ შორის „ალია“ ჰოლდინგში შემავალ ორგანიზაციებისთვის.”


TI-ის ცნობით, ონლაინ მედიასაშუალებებს შორის გვხვდება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფები. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი ასეთი ვებ-გვერდი მუდმივი თანამშრომლებისა და შემოსავლის გარეშე ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას.

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა და ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.

 

“საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა უმეტესად გამჭვირვალეა და, 2014 წლის შემდეგ ამ მხრივ სურათი არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მედიასაშუალების მესაკუთრეს აქვს ან ჰქონდა გარკვეული კავშირი მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“, ან ამჟამად ოპოზიციაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, დღეის მონაცემებით, ქართული პოლიტიკის აქტიური სუბიექტები არ ფლობენ და არ აფინანსებენ არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას. თუმცა მსხვილი ტელემაუწყებლების მფლობელობასთან დაკავშირებით საყურადღებოა „რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ტელეკომპანიის წილები და ქონება სრულად დააყადაღა და კომპანიის დირექტორებს უფლებამოსილება შეუზღუდა,” – წერია TI-ის განახლებულ ანგარიშში.


‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’ განახლებულo ანგარიში მედიის მფლობელობის შესახებ. თბილისი, სასტუმრო ‘რედისონ ბლუ ივერია’. 19.10.2015. © Netgazeti.ge

 

რაც შეეხება ონლაინმედიას, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქარველოს” ცნობით, მასზე არ ვრცელდება მფლობელობის გამჭვირვალობის მოთხოვნები, შესაბამისად, ვებ-გვერდების უმრავლესობის მფლობელების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ.

 

“TI-ის მიერ ჩატარებულმა ათეულობით ინტერვიუმ და 2015 წლის მაისსა და ივნისში საინფორმაციო ვებგვედებზე სისტემატურმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ მიუხედავად ქართული ონლაინ-მედიის მრავალფეროვნებისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ-სივრცეში გამოიკვეთა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული მედიასაშუალებების ჯგუფები. ეს ჯგუფები ძირითადად შეთანხმებულად მოქმედებენ და ინტენსიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს თავიანთი მასალების გასავრცელებლად. ასეთი გამოცემები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ონლაინ-მედიასაშულებებისთვის სულ უფრო და უფრო ართულებს აუდიტორიამდე გადამოწმებული და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის ინფორმაციის მიტანას და, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლების მოზიდვას. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორცილებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვითაც, ბოლო რამდენიმე წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას ზოგიერთი ონლაინგამოცემა მიკერძოებული იყო,” – წერია TI-ის ანგარიშში.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მედია საშუალებები არ ექვემდებარებიან გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, სანდოობის მიზნით, საკუთარ ვებგვერდებზე უნდა განათავსონ ამომწურავი ინფორმაცია გამოცემის მფლობელებსა და მასალების შინაარსზე პასუხიმსგებელ პირებზე.

 

TI-ის კვლევის მიხედვით, არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა. მათი ცნობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავას, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მოერიდონ პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან და მის მფლობელობასთან დაკავშირებით, რათა ზეგავლენა არ მოახდინონ მიმდინარე სასამართლო დავაზე. TI-ის განცხადებით, მედიის დამოუკიდებლობის გარანტი, ხელისუფლების გარდა, მედიასაშუალებების მფლობელებიც არიან. როგორც TI-ში ამბობენ, უმნიშვნელოვანესია, რომ მათმა ქმედებებმა ზეგავლენა არ მოახდინონ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაზე.

 

კვლევაში წერია, რომ რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მათი განცხადებით, ამ ფაქტებმა გავლენა მოახდინა მაუწყებლობის შინაარსზე, ხოლო რიგ შემთვევებში გაჩნდა ეჭვი, რომ არხის მფლობელები ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში, რითაც ზიანს აყენებენ მედიის დამოუკიდებლობას.

 

TI-ის კვლევის მიხედვით, ანტიდასავლურად განწყობილ ონლაინ-მედიებს შორის მოხვდნენ Reportiori.ge, Marshallpress.ge, Geworld.ge, Saqinform.ge, TB24.ge, Ttaoba.ge. TI ასევე იკვლევდა ონლაინ-მედიასაშუალებებს, რომლებიც ოპოზიციური პოლიტიკური დღის წესრიგით გამოირჩევიან. TI-ის ცნობით, ეს ვებ-გვერდებია Tzona.org, Freshnews.ge, Editori.ge და Iveria.biz.

 

რამდენიმე თვის წინ damoukidebloba.com-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 12 ქართული მედიისა და სამოქალაქო სექტორის რუსულ კავშირებს იკვლევდა. კვლევაში აღწერილია ორი მსხვილი ანტიდასავლურად განწყობილი ორგანიზაციის – „ევრაზიის ინსტიტუტისა” და „ევრაზიული არჩევანის” და მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების საქმიანობა. კვლევის მიხედვით, ეს ორგანიზაციები და მედიასაშუალებები გამოირჩევიან ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით და მათ ხშირად ერთი და იგივე პირები ხელმძღვანელობენ. აღმოჩნდა, რომ ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული მედიასაშუალებები ხშირად სწორედ რუსულ ფონდებს უკავშირდებიან.

 

damoukidebloba.com-ის კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც, მათი შეფასებით, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევიან. მათი თქმით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაციაა აღსანიშნავი – „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. კვლევაში ასევე შესწავლილია რუსულ-ქართულ საზოგადოებრივი ფონდის, გორჩაკოვის ფონდის და რადიო ”სპუტნიკის” საქმიანობაც საქართველოში.

 

კვლევის მიხედვით, ”ევრაზიულ ინსტიტუტთან” დაკავშირებული ორგანიზაციებია ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი და კავკასიური თანამშრომლობა. კვლევაში ნათქვამია, რომ ”ევრაზიული ინსტიტუტის” პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ისტორიული მემკვიდრეობა”, გაზეთი ”საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge), “საქინფორმი”, საინფორმაციო სააგენტო ”ივერიონი”, ლევ გუმილევის ცენტრი, კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, გლობალური კვლევის ცენტრი, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და ტელეკომპანია ”დრო”.

 

ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინიციატივის” კვლევაში ასევე მოხვდნენ ”ევრაზიულ არჩევანთან” დაკავშირებული ორგანიზაციებიც: ”ერეკლე მეორეს საზოგადოება”, ახალი მემარცხენეები – სახალხო-პატრიოტული მოძრაობა. კვლევაში წერია, რომ ”ევრაზიული არჩევანის” პროექტებია ”პატრიოტი TV” და რუსული ენის კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის. კვლევის მიხედვით, ”ევრაზიული არჩევნის” პარტნიორია ”რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდი”. ”საზოგადოებივი ინიციატივის” კვლევის მიხედვით, ეს ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელებიც საქართველოში ყველაზე მეტად გამოირჩევიან პრორუსული რიტორიკით.

მასალების გადაბეჭდვის წესი