საზოგადოება

პრეზიდენტი რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის

28 მაისი, 2024 •
პრეზიდენტი რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის

რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, ენერგია 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმართონ. მისი თქმით, ეს იქნება დღე, როცა უნდა გადავწყვიტოთ, ევროპული მომავალი გვირჩევნია თუ რუსეთის მონობა.

“მე ამ საღამოს თქვენთანა ვარ. 84 შულავრელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს  შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია. მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი.

ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.

გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ?! გაბრაზდით! მაგრამ, არ დავიწყოთ საქმე. პირველ რიგში, უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ, ეს ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა მოხმარდეს იმას, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მე მოვაწერ ხელს რეფერენდუმს – გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?

84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა იმასთან შედარებით, ვინც დღეს ხართ აქ – ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.

მეორე და მთავარი საქმე: თქვენ, ვინც აქა ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე შეაგროვებთ ამ ხელმოწერებს და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება. იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და კიდევ, ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, როგორც მინიმუმ, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს.

მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები – ზოგიერთმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის – ჩვენ გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები, დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას. იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი.

26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გვერდით. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, – ასე მიმართა პრეზიდენტმა მოქალაქეებს.

განახლება: პრეზიდენტის ინიციატივის შემდეგ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ განმარტა რეფერენდუმის პროცედურები: რეფერენდუმი მოთხოვნის უფლება აქვს 200 000 ამომრჩეველს; ამ მოთხოვნის საფუძველზე რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი ბრძანებულებით; ბრძანებულებას ძალაში შესასვლელად სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (კონტრასიგანცია). თუ პრემიერმა უარი განაცხადა, რეფერენდუმი არ გაიმართება; რეფერენდუმზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში (მაგრამ მე აქ წარმატების იმედი არ მექნებოდა).

“ეს პოსტი ეხება რეფერენდუმის პროცედურებს. აქ არ განვიხილავ, რამდენად შეიძლება ამ საკითზე რეფერენდუმის გამართვა. როცა მეტი გვეცოდინება პრეზიდენტის იდეაზე, როცა მეტი კონკრეტიკა იქნება, მერე ვიმსჯელოთ”, – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილს აქციაზე მისვლისკენ და “ერთიანობის სათავეში ჩადგომისკენ” დეპუტატმა თამარ კორძაიამ მოუწოდა, თუმცა მან მოქალაქეებს პარლამენტის წინ დამონტაჟებული ეკრანიდან მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი