პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – წერს X-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს სამიტის დღის წესრიგში ჩასვამს, რომელიც 27-28 ივნისს გაიმართება.
„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამიტომ მომდევნო სამიტის დღის წესრიგში საქართველოსაც დავამატებ“, – წერს X-ზე შარლ მიშელი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას.
„შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას, უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხისა, რომელიც რამდენიმე კვირაა ამ კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასებები და ასევე, საქართველოს უახლოესი პარტნიორების მოწოდებები, რომ ეს კანონი გამოიწვევს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზებას, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს აყენებს რისკის ქვეშ.
გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პირს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესსა და ინსტიტუტებს საქართველოში, ასევე მათი ოჯახის წევრებს, შეეზღუდებათ აშშ-ის ვიზის მიღება. აშშ ასევე გადახედავს ორმხრივი თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის.
გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გაითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ქმედებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომლებიც იბრძვიან დასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს მმართველებმა, ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, უარი თქვეს, გადადგან ნაბიჯები დასავლეთის მიმართულებით“, — განაცხადა მეთიუ მილერმა.
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, „საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
„დამოუკიდებლობის დღიდან სულ რამდენიმე დღეში ახალი კანონი წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებების საშიშ დარღვევას. ეს აშორებს ქვეყანას ევროპას.
ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს“, – წერს ნაუსედა X-ზე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსული კანონის საბოლოოდ მიღებით თითქმის ვერავინ იხეირებს.
„ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამით ვერავინ იხეირებს, თითქმის ვერავინ“, – წერს ლანდსბერგისი X-ზე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა.
„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, რომ არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და დატოვოს საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით“, – წერს მარკუს ცაჰკნა X-ზე.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, რუსული კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის გზიდან გადახვევაა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.
გასულ წელს ევროკავშირმა მისცა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და მკაფიოდ მხარდაჭერილი მისი ხალხის მიერ. სევდიანი დღეა“, – წერს ბაიბა ბრაჟე X-ზე.
რუსული კანონის საბოლოო მიღებას არასწორი მიმართულებით გადადგმულ საგანგაშო ნაბიჯს უწოდებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებაზე. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით!
ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ევროპული მომავლის შესახებ“, – აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას ეხმაურება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოქმედების კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა.
„მიუხედავად მოსახლეობის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა“, – აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ მიერ ვეტოს დაძლევა აშკარა სიგნალია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ვიხილავთ დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახში. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი“, – აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გავლენა ექნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე.
„საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება, მიუხედავად დიდი პროტესტისა, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა მისი გაუქმების შესახებ.
ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე“, – აცხადებს ტობიას ბილსტრომი.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა კი დღევანდელ დღეს საქართველოსთვის „სამარცხვინო“ უწოდა.
„სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, რადგან მთავრობამ მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მიუხედავად უფლებადამცველების წინააღმდეგობისა, მასობრივი პროტესტისა და პრეზიდენტის ვეტოსი.
პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს მთავრობამ მომატყუა გაეროს სპეციალური წარმომადგენელს და დამარწმუნა, რომ კანონს ხელახლა არ შემოიღებდნენ“, – წერს X-ზე მერი ლოლერმა.
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. მისი თქმით, ვეტოს დაძლევით ხელისუფლებამ უარი თქვა კანონის უკან გაწვევის შესაძლებლობასა და შინაარსობრივ დიალოგზე. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ევროპის საბჭოს დემოკრატიულ სტანდარტებს.
„აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც“, – აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს საელჩოც.
„გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს, 28 მაისს, განიხილეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა.
ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.
პროცედურის მიხედვით, ახლა რუსული კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს.
თუმცა, ვინაიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, მასზე ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში რუსულ კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.