საზოგადოება

რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას “ოცნება” დღეს, 28 მაისს აპირებს – დაგეგმილია საპროტესტო აქციები

28 მაისი, 2024 •
რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას “ოცნება” დღეს, 28 მაისს აპირებს – დაგეგმილია საპროტესტო აქციები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დღეს განიხილება. ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. სავარაუდოა, რომ დღესვე უყრიან კენჭს ვეტოს დაძლევის პროცედურას.

ვეტოს დაძლევის შემდეგ აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი ან პროცედურული ბერკეტი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლის.

პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. თავიდან, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ, შემდეგ დაიწყება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა. შემდეგ კი იქნება კენჭისყრები.

პროცედურის მიხედვით, რუსულ კანონთან დაკავშირებით ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. საპარლამენტო უმრავლესობა, “ევროპელი სოციალისტების” ჩათვლით, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ რუსულ კანონს, 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს.

პარალელურად, დაგეგმილია აქციები პარლამენტთან. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან 11:00 საათიდან აპირებენ შეკრებას. მოქალაქეთა მეორე ნაწილს პარლამენტის წინ 17:00 საათიდან ელოდებიან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი