აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეფასებით, საქართველოს მიერ მიღებული უცხოეთის „აგენტების კანონი“ პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი.
ენტონი ბლინკენს დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. სახელმწიფო მდივანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე და წინააღმდეგობრივ კანონზე კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ჰკითხა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ „უცხოელი აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ის პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა [გადმოწერილი]. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და მოლოდინი მაქვს, რომ ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, ველი, მოჰყვება [შედეგები] იმის გამო, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს“, — განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.