ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა ავიაკატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაიზისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სიკვდილი. თუმცა ქვეყნის ოფიციალურ პირებს ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებიათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ცხრა პირი იყო, გუშინ, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. სამძებრო სამუშაოები მრავალი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან მაშველებმა კატასტროფის ადგილამდე ძლიერი ნისლის გამო ვერ მიაღწიეს.
სახელმწიფოსთან აფილირებულმა ირანულმა სააგენტო IRNA-მ გაავრცელა „წითელი ჯვრის“ დრონით გადაღებული კადრები, რომელზეც, მათი თქმით, აღბეჭდილია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ფრაგმენტები.
„როიტერსს“ ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდნის შემდეგ სრულად დაიწვა და ადგილზე „სიცოცხლის ნიშან-წყალი არ არის.“
იბრაჰიმ რაიზი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, რასაც ირანში მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების პროტესტის სასტიკი ჩახშობა, რასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა ახლდა.
ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმებმა ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, მდინარე არასზე ერთობლივი კაშხალი გახსნეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი.
ირანი უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი ავიაცია უკიდურესად მოძველებულია, რადგან ავიახომალდებისა და მისი ნაწილების მწარმოებლებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნისთვის რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება.