საზოგადოება

კობახიძემ მიანიშნა ახალ კონსპირაციაზე, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს სჯერა

14 მაისი, 2024 •
კობახიძემ მიანიშნა ახალ კონსპირაციაზე, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს სჯერა

ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ არსებობს კავშირი შვეიცარიულ ბანკში ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მხრიდან მისი თანხების მოპარვასა და 2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილთან მისი დაპირისპირების დაწყებას შორის. ამ საკითხზე დღეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საქმე ეხება გახმაურებულ ფინანსურ დავას ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუისს შორის, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკოტრდა. როგორც გაირკვა, ივანიშვილის თანხებს მისი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი თაღლითურად განკარგავდა 2009-2015 წლებში.

კობახიძის თქმით, ივანიშვილს აქვს სრული უფლება ჰქონდეს აღქმა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშაა იმ 2 მილიარდთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადება პრემიერმა გუშინ, 13 მაისს გააკეთა. კობახიძის თქმით, ის ამაზე დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ობრაიენსაც ესაუბრა.

“ეს დე ფაქტო სანქცია მოქმედებს. ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ობრაიენს… იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული და ა.შ. დეტალებს ვერ ვიტყვი. მას გავაცანი ეს დეტალები…”

“2008 წელს დაიწყო ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ. უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს ჰქონდეს აღქმა დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

შეთქმულების ამ თეორიის თანახმად, გამოდის, რომ “გლობალური ომის პარტიამ” 2008 წლიდან დაიწყო ივანიშვილის სანქცირება მისი პირადი ბანკირის პატრიკ ლესაკადრონის ხელით, რადგან ის იმ დროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, 2011 წლამდე უცნობი იყო ივანიშვილის გეგმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ და ლესკადრონი არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ სხვა მდიდარი კლიენტების ფულსაც თაღლითურად განკარგავდა, რაც თავადვე აღიარა და შემდეგ თავი მოიკლა. პატრიკ ლესკადრონმა “კრედიტ სუისში” მუშაობა 2004 წელს დაიწყო. მანამდე მას ბანკირობის გამოცდილება არ ჰქონია. იგი ერთადერთი იყო, ვინც რუს კლიენტებს ემსახურებოდა, რუსული ენის ცოდნის გამო.

თბილისში ვიზიტად მყოფმა ჯეიმს ობრაიენმა განცვიფრება გამოხატა იმით, რომ მისი თქმით, ისეთი გავლენიანი ადამიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, არასწორადაა ინფორმირებული. ობრაიენის თქმით, ის ამჟამად არავითარი სანქციების ქვეშ არ იმყოფება.

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძეს ასევე ჰკითხეს “ოცნების” მიერ დანერგილ კიდევ ერთ კონსპირაციულ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც “ქართულ ოცნებას” ებრძვის. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ ესაუბრა ის ჯეიმს ობრაიენს ამ საკითხზე.

“ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის 20%-ს, ობრაიენს გავუზიარეთ დაახლოებით 30%. მინიშნებები თქვენთანაც გვქონდა, ბატონ ობრაიენთან გვქონდა კიდევ უფრო ფართოდ გაშლილი მინიშნებები. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი. საქმე ეხება ძალიან უხერხულ და საკმაოდ სახიფათო საკითხს”, – თქვა კობახიძემ.


ვინ არის გლობალური ომის პარტია? – მოკლე პასუხია, რომ ყველა, ვინც “ოცნებას” აკრიტიკებს.

სინამდვილეში, “ქართული ოცნება” ამ დრომდე ვერ ასახელებს, კონკრეტულად ვის გულისხმობს ამ ტერმინის უკან.

თუ “გლობალური ომის პარტიას” ინგლისურ (ან სხვა) ენაზე მოძებნით Google-ში, ნახავთ, რომ საძიებო სისტემა ძირითადად მხოლოდ ირაკლი კობახიძის და “ოცნების” სხვა ლიდერების კონსპირაციულ თეორიებს ამოგიგდებთ, რაც ზრდის ეჭვებს, რომ ეს ტერმინი სწორედ “ქართული ოცნების” მიერაა გამოგონებული.

“ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

“ოცნება” ჯერ შიდა ოპონენტებს ეძახდა წლების განმავლობაში “ომის პარტიას”, თუმცა მას შემდეგ, რაც კრიტიკამ დასავლეთიდანაც იმატა, “ომის პარტიას” დაემატა ერთი სიტყვა – “გლობალური”.

საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გაააქტიურა კონსპირაცია, თითქოს საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე. “ოცნება” ამტკიცებდა, რომ თბილისი კანდიდატის სტატუსის არ მიცემით “გლობალური ომის პარტიამ” დასაჯა.

ვითარება შეიცვალა 2023 წელს, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. გარკვეული პერიოდი “ოცნების” ლიდერები “გლობალური ომის პარტიას აღარ ახსენებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ხალხი მოატყუეს და რუსული კანონი კვლავ შეაბრუნეს პარლამენტში, დასავლეთიდან კრიტიკის ფონზე კონსპირაციები “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დღის წესრიგში დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი