ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა.
როგორც „ნეტგაზეთს“ ხაინდრავამ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის და მის ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო მიიღო.
„დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს, რომელსაც ის დაადგა და შეუძლებლად მივიჩნევ შემდგომ თანამშრომლობას. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ კანონს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება განვლიე და დანამდვილებით ვიცი, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის და ერისთვის, როგორც ჩვენ ვართ, ასეთი დაძაბულობის და ურთიერთდაპირისპირების შექმნა არაფრით შეიძლება და არცერთი კანონი არ არის იმის ღირსი, რაც ახლა ხდება თბილისში“, — განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.
ივლიანე ხაინდრავა წლებია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველია. მანამდე ის იყო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ივლიანე ხაინდრავა 1992-1995 და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრია.